მთიან აჭარას ახალი ტურისტული მარშრუტი და საპიკნიკე ზონა შეემატა

31 ოქტომბერი 2023, 16:34 1036 ნახვა

მთიან აჭარას კიდევ ერთი საპიკნიკე სივრცე და ტურისტული მარშრუტი შეემატა. ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მდებარე საპიკნიკე ზონა ღომას მთაზე მდებარეობს, სადაც ფანჩატური, საცეცხლური, საქანელები და ფოტოსტენდებია მოწყობილი. საპიკნიკე ზონა მერისი-ღომას მთის ახალ ტურისტულ მარშრუტზეა განთავსებული - ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტმენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ახალ სივრცეში მოგზაურებს დასვენება, ულამაზესი პანორამული ხედების ნახვა და პიკნიკის მოწყობა შეუძლიათ. ზაფხულობით ღომას იაილებზე  ადგილობრივთა საოჯახო სასტუმრო სახლებში  განთავსება და კვებაცაა შესაძლებელი.

"ღომას მთის საპიკნიკე ინფრასტრუქტურა იმ 10-მდე საპიკნიკე სივრცეს შორისაა, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ მთიან აჭარაში მოაწყო. ახალი საპიკნიკე სივრცე და ტურისტული მარშრუტი პირველი გიდებმა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებმა დალაშქრეს, ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს, შუახევისა და ქედიის მერიის მენეჯმენტთან ერთად მათ ტერიტორიაზე მარადმწვანე მცენარეები დარგეს.

ახალი ტურისტული მარშრუტის გავლისას, რომელიც  ქედასა და შუახევს ერთმანეთან აკავშირებს, ტურის მონაწილეებმა ღომას მთიდან სოფელ ნამონასტრევის ულამაზესი ტყის გავლით, მერისში გადაინაცვლეს, სოფელ ოქროპილაურსა და ღომას მთაზე კი  ახალი კოტეჯები და ღვინის მარანი მოინახულეს. მთიან აჭარაში ამ ეტაპზე, 25-ზე მეტი ტურისტული მარშრუტია მარკირებული, რომელთა ნახვაც მსურველებს https://visitajara.com -ზე შეუძლიათ", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში