2024 წელს პედაგოგების ხელფასები მნიშვნელოვნად გაიზრდება - პრემიერი

03 ნოემბერი 2023, 14:41 913 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2024 წელს პედაგოგთა ხელფასები მნიშვნელოვნად იზრდება.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სრული დატვირთვით, სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებელთა ხელფასები საშუალოდ 500 ლარით და მეტით გაიზრდება.

"ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი გაიზრდება 700 მილიონით და მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს უკვე 28 მილიარდ 500 მილიონ ლარს. შედარებისთვის მინდა გითხრათ, რომ 2012 წელს ბიუჯეტი თითქმის 9 მილიარდამდე იყო. ანუ თითქმის 20-მილიარდიანი ზრდა გვაქვს 11 წელიწადში. ჩვენი გუნდის მუშაობის საკმაოდ შთამბეჭდავი შედეგი გვაქვს. რაც შეეხება დამატებით 700 მილიონის განაწილებას, როგორც პედაგოგებთან შეხვედრისას დავაანონსეთ, დამატებით 160 მლნ ლარი გამოვუყავით განათლების სამინისტროს და ჯამში, სამინისტროს ბიუჯეტი შეადგენს 2 მილიარდ 500 მილიონ ლარს.

შედარებისთვის მინდა ვთქვა, რომ განათლების სამინისტროს ბიუჯეტი გაზრდილია მილიარდ რვაასი მილიონი ლარით 2012 წელთან შედარებით, 300%-იანი ზრდა გვაქვს ბოლო 11 წელიწადში. აქაც კარგად ჩანს, თუ როგორ ყურადღებას აქცევდნენ განათლებას. ასევე, როგორც უკვე ჩვენ ძვირფას მასწავლებლებს ვაცნობეთ, მნიშვნელოვნად გაიზრდება პედაგოგების ხელფასები 2024 წელს, რაც ნიშნავს იმას, რომ სრული დატვირთვით, სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებელთა ხელფასები გაიზრდება საშუალოდ 500 ლარით და მეტით. ზოგს შეიძლება გაეზარდოს 600 ლარით, ზოგს 700 ლარით და ა.შ. ძალიან მნიშვნელოვანი ზრდა არის და მინდა ჩვენს მასწავლებლებს მადლობა ვუთხრა კიდევ ერთხელ და წარმატებები ვუსურვო. ეს არის მნიშვნელოვანი სიახლე და ჩვენი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასთან ერთად განათლების ხარისხის ამაღლების კიდევ უფრო მეტი მოტივაცია და უდიდესი კომპონენტი იქნება“,- განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში