ბიუჯეტი კონსერვატიულად არის დაგეგმილი, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული 2024 წელს - პრემიერი

03 ნოემბერი 2023, 14:38 652 ნახვა

მინდა, აღვნიშნო, რომ კონსერვატიულად არის დაგეგმილი ბიუჯეტი, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული 2024 წელს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ბიუჯეტის დეფიციტი, 2024 წელს 2,5%-ით განისაზღვრება.

"მინდა აღვნიშნო, რომ კონსერვატიულად არის დაგეგმილი ბიუჯეტი, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული 2024 წელს. ამავდროულად, მინდა ვთქვა, რომ  შემცირებულია ბიუჯეტის დეფიციტი, რომელიც 2024 წელს გვექნება 2,5% და შემდგომ წლებში ასევე კიდევ შემცირდება ბიუჯეტის დეფიციტი, ხოლო მთავრობის ვალი შეადგენს მშპ-ს 38,2 პროცენტს, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია, სულ რაღაც  სამი წლის წინ იყო 60%-ზე მეტი და ეს მოვახერხეთ ძალიან მალე, მოკლე პერიოდში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით მშპ იყო 4250 დოლარი და 2024 წელს იქნება უკვე 8500 დოლარი.

„ასევე მინდა ვთქვა, რომ ასეთი კონსერვატიული დაგეგმვის პირობებშიც, ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის პროგნოზი იქნება 85 მილიარდ 370 მილიონ ლარი. მთელი ქვეყნის ეკონომიკა იქნება 85 მილიარდ 370 მილიონ ლარი. შედარებისთვის, მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ 2012 წელს იყო 27 მილიარდი ლარი, ანუ გასამმაგდა მთელი ქვეყნის ეკონომიკა, ჩვენი მმართველობის პერიოდში, 11 წელიწადში. 85 მილიარდი იქნება 2024 წელს და 2012 წელს იყო 27 მილიარდი ლარი.

 

ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ 2020 წელს მშპ იყო 50 მილიარდი ლარი. ანუ, კიდევ ვიმეორებ, რომ 30 მილიარდიანი ზრდა გვაქვს სამ წელიწადში დაახლოებით. ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით მშპ იყო 4250 დოლარი, და 2024 წელს გვექნება უკვე 8500 დოლარი. ასეთი ზრდა გვაქვს სულ რაღაც სამ წელიწადში.

 

ასეთი ტემპით ზრდის შემთხვევაში 2027 წლისთვის პროგნოზირებულია ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 108 მილიარდ ლარამდე, რაც ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით 10 800 დოლარს გადააჭარბებს. ეს ძალიან დამაიმედებელი პროგნოზია, იცით, რომ ჩვენ 2030 წლისთვის ვპროგნოზირებდით 10 000 დოლარს და ნახეთ, რომ სულ რაღაც 2-3 წელიწადში დიდი ნახტომი გავაკეთეთ“, - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, თავდაცვის სამინისტროს დამატებით 10 მილიონი გამოეყოფა, შსს-ს კი, დამატებით 50 მილიონს მისცემს მთავრობა, საიდანაც 20 მილიონი ლარი სახანძრო-სამაშველო მანქანების და ტექნიკის შეძენას მოხმარდება.

"რაც შეეხება ძალოვან უწყებებს, თითქმის 200 მლნ-ზე მეტით გაეზარდათ ჯამურად შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. ჩვენ დამატებით გამოვუყოფთ თავდაცვას 10 მილიონს. 50 მილიონს შინაგან საქმეთა სამინისტროს მივცემთ, საიდანაც 20 მლნ ლარი მოხმარდება სახანძრო-სამაშველო მანქანების და ტექნიკის შეძენას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. იცით, რომ სამი ვერტმფრენი უკვე შეძენილია, ფრანგული წარმოების ვერტმფრენები შეძენილია და ეტაპობრივად დაიწყება მოწოდება 2024 წელს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 400 მილიონ ლარზე მეტით იზრდება განათლების სისტემის დაფინანსება მომავალ წელს.

მთავრობის მეთაურის თქმით, ბოლო სამ წელიწადში ხელფასი 30 %-ით გაეზარდა ყველა საჯარო მოხელეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში