საქართველოს ზრუნვა მშვიდობის შენარჩუნებისთვის მისასალმებელია, რაც მომავალშიც უნდა გაგრძელდეს - ილია მეორე

03 ნოემბერი 2023, 21:45 682 ნახვა

საერთაშორისო სივრცეშიც და კონკრეტულ რეგიონებშიც ვითარება არის ძალიან რთული, საშიში, ამ ფონზე საქართველოს ზრუნვა მშვიდობის შენარჩუნებისათვის მისასალმებელია, რაც მომავალშიც უნდა გაგრძელდეს, – სინოდის სხდომის განჩინების მიხედვით, ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორეს სინოდის გუშინდელ სხდომაზე განაცხადა.

„საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მოკლედ დაახასიათა მსოფლიოსა და საქართველოში არსებული მდგომარეობა; აღნიშნა რა, რომ საერთაშორისო სივრცეშიც და კონკრეტულ რეგიონებშიც ვითარება არის ძალიან რთული და საშიში და, რომ ამ ფონზე საქართველოს ზრუნვა მშვიდობის შენარჩუნებისათვის მისასალმებელია, რაც მომავალშიც უნდა გაგრძელდეს“, – აღნიშნულია განჩინებაში.

ამასთან, ამავე საკითხზე სინოდის სხდომაზე ისაუბრა მიტროპოლიტმა, შიო მუჯირმა.

„წმინდა სინოდის საერთო პოზიცია ასე ჩამოყალიბდა: უკრაინაში რუსეთის მიერ საომარი მოქმედებების დაწყების პირველივე დღეებიდან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა გაავრცელა მიმართვა კონფლიქტის დაუყოვნებლივი შეწყვეტის აუცილებლობის შესახებ, რაც, წინააღმდეგ შემთხვევაში, მეტად მძიმე შედეგებს მოიტანდა.

დღეს კი, როდესაც ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები უფრო და უფრო მასშტაბურ სახეს იღებს, ნათელია, რომ იქმნება გლობალურად ფეთქებადსაშიში გარემო, რაც მთელ მსოფლიოს დიდი საფრთხის ქვეშ აყენებს.

უკრაინასა და ღაზის სექტორში წარმოებული ომების შედეგად უკვე დიდია მსხვერპლი. ჯარისკაცებთან ერთად იღუპებიან უდანაშაულო ადამიანები, ბავშვები და მოხუცები, ნადგურდება ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი, რელიგიური თუ სხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობები; ზოგადად, ადგილი აქვს რელიგიური ნიშნით ძალადობასაც.

გამოვხატავთ ღრმა მწუხარებასა და თანაგრძნობას ომის შედეგად დაზარალებულთა მიმართ. ტერორი, სისასტიკე, უსამართლობა. ცალსახად დასაგმობია და მისი პირდაპირი ან ირიბი მხარდაჭერა – ცივილიზებული სამყაროსათვის მიუღებელი.

ვუერთდებით ყველა კეთილი ნების ადამიანის ლოცვას და შევთხოვთ ღმერთს, მშვიდობა მოანიჭოს უკრაინას, წმინდა მიწას და მთელ მსოფლიოს“, – აღნიშნულია განჩინებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში