სასამართლომ ვაკის პარკის საქმეზე მერიის გარემოს დაცვის სამსახურის ყოფილ უფროსს სამწლიანი პატიმრობა, ექსპერტს კი ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

06 ნოემბერი 2023, 14:40 622 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებული ორი პირი: მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილი უფროსი, გიგა გიგაშვილი და ექსპერტ ვახტანგ ლონდარიძე დამნაშავედ ცნო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიგა გიგაშვილს 3 წლის ვადით, ხოლო ვახტანგ ლონდარიძეს 1 წლითა და 6 თვის ვადით პატიმრობა მიესაჯა.

მოსამართლემ დაადგინა "გრინსერვის პლუსის",  შპს "მშენექსპერტისა" და "ექსპერტიზა დიზაინის" კანონდარღვევებიც, მათ ბიუჯეტის სასარგებლოდ ჯარიმების - 250 000, 100 000 და 50 000 ლარის გადახდა დაეკისრათ.

შეგახსნებთ, რომ 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში თამაშის დროს ბავშვებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მისი ამოღებისას სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მოზარდი, 13 წლის გოგონა, მარიტა მეფარიშვილი კლინიკაში გარდაიცვალა, ორი მოზარდი კი დაშავდა. ვაკის პარკში მომხდარ ფაქტზე პროკურატურამ ცხრა პირს სამსახურებრივი გულგრილობის, საწარმოში ჩადენილი გულგრილობის, სამუშაო წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების, დამზადებაში წაქეზების, გამოყენებისა და გასაღების ფაქტებზე ბრალდება წარუდგინა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში