ვფიქრობთ, 2023 წელი ტურიზმის კუთხით პოზიტიურად დაიხურება და კარგი პირობები გვექნება 2024 წლისთვის - ლევან დავითაშვილი

06 ნოემბერი 2023, 16:10 548 ნახვა

ვფიქრობთ, 2023 წელი ტურიზმის კუთხით პოზიტიურად დაიხურება და კარგი პირობები გვექნება 2024 წლისთვის, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობვის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ ვხედავთ, რომ პოზიტიური დინამიკაა შემოსავლების კუთხით, მათ შორის ვიზიტორების კუთხითაც. აქამდე ჩვენ საზოგადოებას გავაცანით მონაცემები ვიზიტორთა რაოდენობისა და ტურისტების შესახებ, აღდგენა მიდის, თუმცა 2019 წელთან შედარებით ჩვენ ტურისტების რიცხვი ჯერ კიდევ ნაკლები გვაქვს, მაგრამ გასაგები მიზეზებიც არსებობს. ტრადიციული ბაზრები რთულად ხელმისაწვდომია დღევანდელ რეალობაში. ეს პოტენციალი ალბათ, პოზიტიურ ფაქტორად უნდა ჩავთვალოთ შემდეგი წლების ზრდის უზრუნველსაყოფად. რადგან იმედი გვაქვს, დროთა განმავლობაში რაოდენობრივ მაჩვენებელსაც აღვადგენთ, თუმცა ბევრი მუშაობა სჭირდება იგივე ტურიზმის ადმინისტრაციას და კერძო სექტორს ერთობლივად. ამაზე მუშაობა მიდის.

მომავალი წელი ბიუჯეტირების კუთხით ჩვენ ამბიციურად დავგეგმეთ, თუმცა ის პოზიტიური დინამიკა, რომელიც 2023 წელს გვაქვს, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რეკორდული მონაცემი გვაქვს. 3.3 მლრდ დოლარი იყო ცხრა თვის მონაცემებით შემოსავალი. ცალკე აღებული მესამე კვარტალიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, თითქმის 1.5 მლრდ იყო შემოსავალები და ეს გასულ წელს 5%-ით აღემატება. გასული წელი გვახსოვს რომ რეკორდული იყო.

ჯამში, გასულ წელთან შედარებით 29%-იანი ზრდა გვაქვს. და ეს არის დამაიმედებელი მაჩვენებელი. ჩვენ ვფიქრობთ, 2023 წელი ტურიზმის კუთხით პოზიტიურად დაიხურება და კარგი პირობები გვექნება 2024 წლისთვის. თუმცა, გვესმის, რომ გარკვეულ სეგმენტებში ჩვენ გვქონდა შემცირება, ან თანაბრად არ ნაწილდებოდა ტურისტული ნაკადები, მაგრამ ზუსტად ეს არის გამოცდილება, რომელზეც საკმაოდ მეტი სამუშაო გვაქვს კერძო სექტორთან"- განაცხადა ლევან დავითშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში