ყველაზე უფრო მეტად, ეს დღე თქვენია ქართველმა ხალხმა თავისი თქვა, თავისი გზა აირჩია, აღარ უყოყმანია ამ გზაზე, სხვა გზა კი მონობამდე და ჩვენი თავის დაკარგვამდე მიდის, ეს ქართველ ხალხს არ ესწავლება - სალომე ზურაბიშვილი 

08 ნოემბერი 2023, 20:26 546 ნახვა

ეს დღე საქართველოს მიღწევაა. დღეს ნამდვილად მიხარია. დღეს ყველას ერთად გვიხარია. ეს დღე ჩვენი წინაპრების არის, ვინც ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის, თავისუფლების, დემოკრატიის და წინსვლისთვის იბრძოდა და სიცოცხლე შესწირეს - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანის სასახლესთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მოქალაქეები არიან შეკრებილები.

„გილოცავთ! გილოცავთ ჩემო თანამემამულეებო, გილოცავთ აქ, საქართველოში და თქვენ, ვინც საზღვრების მიღმა ხართ. გილოცავთ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს, რამეთუ, ერთი რამ ნამდვილად ვიცი, ჩვენი ევროპული მომავალი, თქვენი ევროპული მომავალიც არის. გილოცავთ, რამეთუ ეს დღე თქვენ გეკუთვნით, ეს დღე საქართველოს მიღწევაა. დღეს ნამდვილად მიხარია. დღეს ყველას ერთად გვიხარია. ეს დღე ჩვენი წინაპრების არის, ვინც ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის, თავისუფლების, დემოკრატიის და წინსვლისთვის იბრძოდა და სიცოცხლე შესწირეს. ეს დღე აუცილებლად ილიასია, დღეს მისი დაბადების დღეა. ეს დღე აკაკისია, ნიკოსი, ვაჟასი, სულხან-საბასი, ერეკლესი ... არ შემიძლია ყველა ჩამოვთვალო. ეს დღე არის ჩვენი ყველასი, ვინც საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა ფორმით იზიარებდა ამ უდიდეს მისწრაფებას, რომ საქართველო იმ ცივილიზებული ოჯახის წევრი ყოფილიყო, რასაც ჰქვია ევროპული ცივილიზაცია, ევროპული კულტურა, ჩვენი კულტურის და იდენტობის საფუძველზე. ეს დღე ზვიადის და მერაბის არის. ეს დღე ასევე ზურაბ ჟვანიასია. ყველა ამ ქვეყნის მეთაურისა, რომელმაც ამ დიდ საოცნებო საქმეში თავისი წვლილი შეიტანა. ყველაზე უფრო მეტად, ეს დღე თქვენი დღეა, რამეთუ ქართველი ხალხის ურყევი ნების გამოხატვაა, ლხინსა და ჭირში, ომის და ოკუპაციის და სხვა ზეწოლის მიუხედავად ქართველმა ხალხმა თავისი თქვა, თავისი გზა აირჩია, აღარ უყოყმანია ამ გზაზე. ვიცით, რომ ეს გზა ჩვენი კულტურის, იდენტობის, ჩვენი დაცულობის, მშვიდობის და ტერიტორიული გამთლიანების ერთადერთი გზაა. სხვა გზა კი მონობამდე და ჩვენი თავის დაკარგვამდე მიდის, ეს ქართველ ხალხს არ ესწავლება. ეს დღე არანაკლებად იმათი დღეა, ვინც ამ ქვეყნის სადარაჯოზე იდგა და ამ დღეს ვერ დაესწრო. ვინც ამ ქვეყნის უსამართლო და ტრაგიკულ ოკუპაციას ემსხვერპლა. ყველას დღეა. ამ შეუპოვარ სამშობლოს სიყვარულზე დგას ჩვენი წარსულიც და მომავალიც. ეს არის ჩვენი პასუხი რუსეთს, ეს არის ჩვენი პასუხი ოკუპაციას, ეს არის ჩვენი პასუხი ყველა უღირსობაზე, ეს არის ყველას გამარჯვება, ვინც ამას ებრძოდა, ვინც ამას გაუმკლავდა და დღევანდელ დღეს აქ არიან სინამდვილეში, ისინი ამ დღისთვის იბრძოდნენ. მინდა წუთიერი დუმილით ვაგოთ პატივი, მათი ხსოვნა იყოს ამ დღეს, ამ სიხარულში ჩვენთან ერთად“,- აღნიშნა პრეზიდენტმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში