პარიზში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მსვლელობა მოეწყო

13 ნოემბერი 2023, 10:51 462 ნახვა

ათასობით ადამიანი გამოვიდა პარიზის ქუჩებში  საფრანგეთში მზარდი  ანტისემიტური ქმედებების წინააღმდეგ.  საპროტესტო მსვლელობა, რომელიც საფრანგეთის პარლამენტის ორივე პალატის ლიდერების მოწოდებით გაიმართა, გამოწვეულია ანტისემიტური ინციდენტების რაოდენობის სამჯერ გაზრდით 2022 წელთან შედარებით. საფრანგეთის ხელისუფლების განცხადებით,  ბოლო დროს ანტისემიტური აქციები განსაკუთრებით 7 ოქტომბრის ჰამასის ისრაელზე თავდასხმის შემდეგ გახშირდა.

პოლიტიკური მოღვაწეები, მათ შორის პრემიერ-მინისტრი ელიზაბეტ ბორნი და ყოფილი პრეზიდენტები ფრანსუა ოლანდი და ნიკოლა სარკოზი სათავეში ედგნენ მსვლელობას, ხელში ეჭირათ ბანერი ლოზუნგით "რესპუბლიკისთვის, ანტისემიტიზმის წინააღმდეგ".

პოლიციის შეფასებით, კვირას მსვლელობაში 105 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, რომელიც არ მონაწილეობდა საპროტესტო მსვლელობაში,  გამოაქვეყნა ღია წერილი, რომელშიც მხარდაჭერა გამოუცხადა მსვლელობის ორგანიზატორებს და დაგმო  ანტისემიტური ქმედებები.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში