მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ გამოყენება ძალიან საპასუხისმგებლოა, პროცესის დაწყებას სპეციალური მომზადება დასჭირდა, რათა მაქსიმალურად უსაფრთხო იყოს - ივანე ჩხაიძე

14 ნოემბერი 2023, 18:23 540 ნახვა

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მედიკამენტვოსორიტიდით“ მკურნალობის დასაწყებად კლინიკა სპეციალურად მოემზადა, რასაც გარკვეული დრო დასჭირდა.

„ძალიან საპასუხისმგებლოა და სპეციალური მომზადება დასჭირდა ამ პროცესს – პერსონალის ტრენირება, თავად ბავშვების მომზადება, მათი სრული გამოკვლევა, რაზეც გარკვეული დრო დაიხარჯა. ყველა ბავშვთან დაგვჭირდა ენდოკრინოლოგის, პედიატრის, ნევროლოგის, ნეიროქირურგის, ტრავმატოლოგის კონსულტაცია, სხვადასხვა ლაბორატორიული და ინსტრმენტული კვლევის ჩატარება. ამ პრეპარატის გამოყენება მაქსიმალურად უსაფრთხო უნდა ყოფილიყო ბავშვებისთვის და პროცედურა, რომელიც ხვალიდან დაიწყება, ასევე მაქსიმალურად უსაფრთხო უნდა იყოს. სწორედ ამიტომ ტარდება საავადმყოფოში ინექცია და ამიტომ გვჭირდება ინექციის გაკეთებიდან ერთსაათიანი მეთვალყურეობა, რათა გვერდითი მოვლენების შემთხვევაში, სამედიცინო პერსონალის მხრიდან შესაბამისი ჩარევა დროულად განხორციელდეს. ყველაზე სერიოზულ მოვლენას, რასაც მედიკამენტის მწარმოებელი აფიქსირებს, არის წნევის ვარდნა. გარდა ამისა, შესაძლებელია სტანდარტული გვერდითი მოვლენა, რაც თან ახლავს ინექციას – მტკივნეულობა, შეშუპება, სიწითლე ინექციის ადგილზე. ამიტომ ინექციიდან ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება ბავშვების მეთვალყურეობა და ყველა შემდეგი ბავშვის შემთხვევაში, სტანდარტული წესი იქნება შენარჩუნებული“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

როგორც ჩხაიძემ აღნიშნა, მედიკამენტი „ვოსორიტიდი“ ახალი პრეპარატია და მსოფლიოში მისი გამოყენების გამოცდილება არავის ჰქონდა.

„ეს არის ახალი პრეპარატი და მისი გამოყენების გამოცდილება არავის ჰქონდა, ამიტომ ფრთხილად ვართ. ამისთვის დაგვჭირდა პერსონალის მომზადება, რაც უშუალოდ მწარმოებელმა კომპანიამ განახორციელა. ამიტომ, ვფიქრობთ, ხვალინდელი დღე იქნება უსაფრთხო. ნებისმიერი ინექციის, პერაპარატის შემთხვევაში არსებობს ალბათობა ძლიერი ალერგიული რეაქციის, ანაფილაქსიური რეაქციის. ჩვენ ამას ყოველთვის ვითვალისწინებთ. ზოგადად, ინექციის გაკეთების დროს ამის ალბათობა ყოველთვის არსებობს და ასეთი შემთხვევებისთვის ყველა დაწესებულება მზად უნდა იყოს“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, რამდენ ხანს გაგრძელდება „ვოსორიტიდით“ მკურნალობის პროცესი, დამოკიდებულია იმ შედეგზე, რაც ერთწლიანი კურსის გავლის შემდეგ იქნება მიღებული.

„საუბარია, პირველ რიგში, ერთწლიან კურსზე, ვინაიდან მწარმოებელი აფიქსირებს, რომ ერთი წლის განმავლობაში სიმაღლეში ზრდა 1,59 სანტიმეტრზე ნაკლები თუ იქნება, მაშინ ამ პრეპარატის გამოყენების გაგრძელებას აზრი არ აქვს. ეს ერთ-ერთი კრიტერიუმია, რამდენი ხანი უნდა გაკეთდეს. დასახელებულ ციფრზე მაღალი ზრდა თუ იქნება, რა თქმა უდნა, პრეპარატის გაგრძელება ასაკის მიხედვით იქნება გათვალისწინებული“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

ივანე ჩხაიძემ ასევე აღნიშნა, რომ არ არსებობს წინასწარ განსაზღვრული ვადა, რამდენ ხანს გაგრძელდება მკურნალობის პროცესი კლინიკაში და როდის შეეძლებათ მშობლებს, მედიკამენტი სახლში წაიღონ და ბავშვებს ინექცია თავად გაუკეთონ.

„ფიქსირებული ვადა არ არსებობს, მაგრამ ერთი თვე იქნება, ორი თუ სამი, გამოჩნდება იმის მიხედვით, რა სიხშირისა და ინტენსივობის არის გვერდით მოვლენები. თუ ვნახეთ, რომ პირველი დღეებისა და კვირების განმავლობაში გვერდითი მოვლენების რაოდენობა მინიმალურია და სამედიცინო ჩარევა არ დაგვჭირდა, მაშინ, შესაძლოა, ვადა შემცირდეს, მაგრამ ამის განსაზღვრას დრო სჭირდება. ალბათ ერთთვიანი დაკვირვების შემდეგ უკვე გვექნება შესაძლებლობა, მთლინად შევაფასოთ, რამდენად უსაფრთხო იყო პრეპარატი და რა სახის გვერდითი მოვლენა განვითარდა ამ ოთხი ბავშვის შემთხვევაში“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტი „ვოსორიტიდი“ საქართველოში შემოვიდა. პირველ ეტაპზე მედიკამენტით მკურნალობას აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ოთხი ბავშვი დაიწყებს. პრეპარატს ეტაპობრივად მიიღებენ დანარჩენი ბავშვებიც.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში