საქართველოში ყველა სახლს ექნება მისამართი, ახლად შექმნილი მისამართების რაოდენობამ 354 927 შეადგინა - რატი ბრეგაძე

17 ნოემბერი 2023, 14:01 574 ნახვა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პარლამენტში გამართულ პლენარულ სხდომაზე ,,მინისტრის საათის'' ფარგლებში „დამისამართებული საქართველოს“ რეფორმის შესახებ ისაუბრა.

მისივე განმარტებით, საქართველოში ყველა სახლს ექნება მისამართი და ყველა ადამიანს შეეძლება, რომ კონკრეტულად მიუთითოს თავისი საცხოვრებელი ადგილი.

"ჩვენ დავიწყეთ სისტემური დამისამართების პროექტი. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, სოფლების 80 % იყო დაუმისამართებელი. ეს არის 30 წლის პრობლემა, მათ შორის, საბჭოთა პერიოდშიც ასე იყო. ყველა სახლს არ ჰქონდა მისამართი, ხოლო დღეის მდგომარეობით, სულ რაღაც ერთი წლის განმავლობაში, შეიქმნა 354 927 მისამართი. ალბათ, ყველანი ვხვდებით, რა შრომა დგას ამ ყველაფრის უკან, რომ ამდენი ახალი მისამართი გაჩენილიყო. ამ პროექტის დასრულების შემდგომ, რომელიც, ფაქტობრივად, 2024 წლის დასაწყისში დასრულდება, საქართველოში ყველა სახლს ექნება მისამართი და ყველა ადამიანს შეეძლება, რომ კონკრეტულად მიუთითოს თავისი საცხოვრებელი ადგილი. დღეის მდგომარეობით, ადამიანი იტყვის, რომ ცხოვრობს რომელიღაც სოფელში და მისი მიგნება პრაქტიკულად შეუძლებელია, იმიტომ რომ არც ქუჩას აქვს ნომერი, არც სახლს და ასე შემდეგ და ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრება“ - განაცხადა მინისტრმა.

რატი ბრეგაძის თქმით, მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში აზომილია 580 247 მიწის ნაკვეთი და საკუთრების უფლება რეგისტრირებულია 458 573 მიწის ნაკვეთზე.

„ჩვენმა ამზომველებმა როდესაც დაიწყეს სამუშაოები ველზე, აღმოჩნდა იმაზე ბევრი, ვიდრე ველოდით. სისტემური რეგისტრაციის პროექტი დასრულდება 2024 წლის ბოლოს. დღეისთვის აზომილია 580 247 მიწის ნაკვეთი. საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 458 000-ზე მეტ მიწის ნაკვეთზე. დღეში საშუალოდ იზომება 2 500-2700 მიწის ნაკვეთამდე. ეს არის რეკორდული მაჩვენებელი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიო მასშტაბით.

პროექტი განხორცილდება მერიის მიერ შემოთავაზებულ არეალებზე და სრულად ფინანსდება თბილისის მერიის მიერ. თბილისშიც 2024 წელს მიწის მესაკუთრეთა პრობლემები გადაწყდება“, - აღნიშნა რატი ბრეგაძემ.

რატი ბრეგაძემ სტუდია „იუსტიციის“ პროექტთან დაკავშირებით ისაუბრა. მისივე განმარტებით, ეს იქნება ინტერნეტტელევიზია სამართლებრივი საკითხებით დაინტერესებული პირებისთვის.

"კიდევ ერთი პროექტი მინდა, დავაანონსო – ეს არის სტუდია „იუსტიცია“ – უნიკალური პლატფორმა საზოგადოებასთან კომუნიკაციის. სულ ცოტა ხანში საზოგადოება იხილავს ამ სტუდიას. ეს იქნება, ფაქტობრივად, ინტერნეტტელევიზია, რომელიც განკუთვნილი იქნება იურისტებისა და ყველა იმ პირისთვის, რომელიც დაინტერესებულია სამართლებრივი საკითხებით“, - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

მინისტრის განმარტებით, სტუდია „იუსტიციის“ მიზანი სამართლებრივ საკითხებზე ცნობიერების ამაღლება და იურიდიული ხასიათის თემებზე დისკუსიის ხელშეწყობაა.

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში