ხვიჩა კვარაცხელია პლეი ოფის ნახევარფინალში ვერ ითამაშებს - ფეხბურთის ფედერაცია

20 ნოემბერი 2023, 20:31 704 ნახვა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადებით, ხვიჩა კვარაცხელია ევრო 2024-ის პლეი ოფის ნახევარფინალში ვერ ითამაშებს.

ვალიადოლიდში, ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ, საკვალიფიკაციო რაუნდში მიღებული მესამე ყვითელი ბარათის გამო, ხვიჩა კვარაცხელია ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ნახევარფინალურ მატჩს გამოტოვებს." - წერია  სფფ-ის ვებგვერდზე, სადაც ფედერაციის გენერალური მდივნის, დავით მუჯირის განცხადებაც გამოქვეყნდა.

“როგორც მოგეხსენებათ, 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად დარჩენილი ბოლო 3 საგზურიდან ერთ-ერთის მოსაპოვებლად მარტში საქართველო იბრძოლებს. 21 და 26 მარტს, გველის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის შეხვედრები და როგორც ვიცით დანამდვილებით, 21 მარტს, თბილისში, ვუმასპინძლებთ ლუქსემბურგს, ან აზერბაიჯანის ნაკრებს და ფინალური შეხვედრა კი 26 მარტს გველის.

სამწუხარო რეალობა გვაქვს, რომ ნახევარფინალურ მატჩში ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაგვეხმარება, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გუნდს ნებისმიერი შემთხვევაში აქვს იმის რესურსი, ნახევარფინალში გაიმარჯვოს, ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალში ითამაშოს და გადამწყვეტ მატჩში უკვე ხვიჩასთან ერთად შევძლოთ იმ ოცნების ახდენა, რასაც ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაში ჰქვია", - განაცხადა დავით მუჯირმა. 

საქართველოს ნაკრები ნახევარფინალში ლუქსემბურგს შეხვდება თუ აზერბაიჯანს დღეს გაირკვევა.

23 ნოემბერს დაგეგმილია წილისყრა, რომელზეც გაირკვევა, რომელი ნახევარფინალის გამარჯვებული იქნება მასპინძელი ფინალში.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში