ბაგრატიონის ქუჩაზე ავარიულ სახლში მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ

22 ნოემბერი 2023, 11:26 659 ნახვა

ბათუმში, ბაგრატიონის N 127-ში მცხოვრებმა ოჯახებმა აქცია გამართეს. მათივე ინფორმაციით, წლებია 5 სართულიანი კორპუსი, რომელშიც 100-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს ავარიულია. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.

ისინი ამბობენ, რომ კედლები დაბზარულია და საცხოვრებელში თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობენ.

მათივე განმარტებით, კორპუსის დაბზარვას ხელი სამშენებლო სამუშაოებმაც შეუწყო, რომელსაც კომპანია "ორბი" გვერდით მდებარე ტერიტორიაზე ახორციელებს.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ბაგრატიონის 127-ზე კეთილმოწყობის სამმართველომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დაუკვეთა დასკვნა. აღნიშნული დასკვნა გადაგზავნილი აქვს შესაბამის სამსახურებს, შემდგომი მოლაპარაკებებისთვის.

"ქონების მართვის სამსახურს ამხანაგობისთვის მიწოდებული აქვს შესათანხმელი დოკუმენტი, რასაც სჭირდება ბაგრატიონის 127-ში მცხოვრები ოჯახების 100 პროცენტიანი ხელმოწერა, რომლის შემდეგაც ისინი ჩაერთვებიან ავარიული სახლების სახელმწიფო პროგრამაში. ამ ეტაპზე ბაგრატიონის 127-ის ამხანაგობას წარმოდგენილი არ აქვს თანხმობის დოკუმენტი", - აღნიშნულია ბათუმის მერიის ინფორმაციაში. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში