სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმატება ნიშნავს ქვეყნის წარმატებას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე - კოკა კაციტაძე

27 ნოემბერი 2023, 14:01 480 ნახვა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, კოკა კაციტაძემ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სამსახურის მიერ 2022 წელს განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა.

მისივე განცხადებით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მოკლე დროში ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელება შეძლო, რამაც შედეგად უწყების ინსტიტუციური და ინფრასტრუქტურული გაძლიერება, გამჭირვალე, ეფექტური გამოძიების სტანდარტების და მოქალაქეთა უფლებების დაცვაზე ორიენტირებული მიდგომების და სტანდარტების ჩამოყალიბება მოიტანა.

ასევე აღნიშნა, რომ  სამსახურის გადაწყვეტილებით, ყველა განმცხადებელსა და დაზარალებულს, საქმის მასალების გაცნობის და საგამოძიებო პროცესში ჩართვის შესაძლებლობა მიეცა.

"სამსახურის ინიციატივით მსხვერპლთა უფლებების დაცვის სამმართველო შეიქმნა, რომელიც მოქალაქეებს სამსახურის სერვისებზე წვდომას უადვილებს და მათ დახმარებას ყოველდღიურად ახორციელებს. შეიქმნა სამოხელეო დანაშაულის პრევენციის საბჭო, რომელიც დანაშაულის შემცირების და არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიების ხელშეწყობის საკითხებზე აქტიურად მუშაობს. მთავრობასთან თანამშრომლობით სამსახურს კახეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში ახალი რეგიონალური ოფისები დაემატა, რამაც სამსახურის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაზარდა. ახალი სათავო ოფისის ასაშენებლად ღია ტენდერი გამოცხადდა. სამსახურმა, მცირე დროში გამოძიების სამი საერთაშირისო ქსელის წევრობის ყველა კრიტერიუმი დააკმაყოფილა, დღეს იგი ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის დამოუკიდებელი საგამოძიებო სამსახურებთან ერთად არის წარმოდგენილი გაერთიანებაში და აქვს წარმატებული საერთაშორისო გამოცდილების მიღების საშუალება. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმატება ნიშნავს ქვეყნის წარმატებას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. სწორედ,  ეს დიდი მიზანი და ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვა არის სამსახურის თითოეული თანამშრომლის კარგად გათავისებული პასუხისმგებლობა, რომელიც გვაძლევს ენთუზიაზმს ჩვენი საქმე წარმატებით ვაკეთოთ“, - განაცხადა კოკა კაციტაძემ.

კოკა კაციტაძის განცხადებით, დაკავების სტანდარტების გაუმჯობესებასა და ნეიტრალური მტკიცებულებების გაზრდასთან დაკავშირებით სამსახურმა შსს-ს საქმიანობასთან დაკავშირებით რეკომენდაცია გასცა.

„არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებში ფიგურირებს სულ 261 სავარაუდო მსხვერპლი, რომელთა 52% დაკავებული იყო სამართალდამცავების მიერ და მიუთითებდნენ ფიზიკური ძალის არაპროპორციულად და გადამეტებით გამოყენების შემთხვევებზე.

მიზანშეწონილია, შემუშავებული სახელმძღვანელო დოკუმენტის/სასწავლო მოდულისა და საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, მაღალი სტანდარტით დაკავების ღონისძიების განსახორციელებლად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეტაპობრივად და კასკადურად დაიწყოს იმ თანამშრომელთა გადამზადება, ვისაც უშუალოდ უწევთ პირის დაკავება ან/და გადაყვანა. მოქალაქესა და სამართალდამცავებს შორის მომხდარი ინციდენტის ობიექტურად შესაფასებლად აუცილებელია ნეიტრალური მტკიცებულების არსებობა, რომლის საუკეთესო საშუალებასაც სამხრე ვიდეოკამერის ჩანაწერები წარმოადგენს.

 

მიზანშეწონილია, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლების მხრიდან სამხრე კამერების ეფექტური გამოყენებით, გაიზარდოს ნეიტრალური მტკიცებულების (ვიდეოჩანაწერის) მოპოვების შემთხვევები. ერთ-ერთი რეკომენდაცია შინაგან საქმეთა სამინისტროდან ვიდეოჩანაწერების გამოთხოვას ეხება. საგამოძიებო პრაქტიკის ანალიზის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ განჩინების გადაგზავნის შემდგომ, „112“ სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადაში აწვდის სამსახურს ვიდეოჩანაწერებს, აუცილებელია ამ ვადების შემცირება და ჩანაწერების მოკლე დროში გადმოცემა, რათა მოქალაქეთა უფლებების დარღვევის ფაქტებზე რეაგირება უფრო სწრაფად მოხდეს.

 

ასევე, გაიცა რეკომენდაცია, სამართალდამცავმა ორგანომ ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების თაობაზე შეიმუშაოს და პრაქტიკაში დანერგოს სტანდარტული ოპერაციული წესები/სასწავლო მოდული, რომელიც დაარეგულირებს დაკავებული პირების მიმართ ხელბორკილის გამოყენების სტანდარტებს. აღნიშნული რეკომენდაციების ირგვლივ სპეციალური საგამოძიებო სამსახური სამართალდამცავ ორგანოებთან სამოხელეო დანაშაულის პრევენციის საბჭოს ფორმატში აქტიურად თანამშრომლობს”, - აღნიშნა კაციტაძემ.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, 2022 წლის პირველ მარტს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, მასზე დაკისრებული მანდატის განხორციელებასთან ერთად, წინამორბედი სამსახურის მიერ დაწყებული რამდენიმე ასეული სისხლის სამართლის საქმეც გადაეცა, სადაც ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას სწორედ ის გარემოება წარმოადგენდა, რომ, უმეტეს შემთხვევაში, სამართალდამცავები მათ მიმართ არსებულ საჩივრებთან დაკავშირებით არ იყვნენ გამოკითხული.

უწყების ინფორმაციით, ამ გამოწვევის საპასუხოდ სამსახურმა ამოქმედებისთანავე აქტიურად დაიწყო ძალადობასთან და არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით სამართალდამცავების მიმართ არსებული მოქალაქეთა როგორც ძველი, ასევე ახალი საჩივრების შესწავლა, გამოძიება, სამართალდამცავების საგამოძიებო ორგანოში დაბარება და მათი გამოკითხვა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში