თავისუფლება არის ის პირველი ღირებულება, რომელიც გვაერთიანებს ევროპასთან - სალომე ზურაბიშვილი

29 ნოემბერი 2023, 18:40 467 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს წნორში, „ცოდნის კაფეს“ ესტუმრა და ახალგაზრდებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა, რომლებიც ხელმოწერების კამპანიას „ჩვენი ხმა ევროპას“ შეუერთდნენ და კიდევ ერთხელ გამოხატეს მხარდაჭერა საქართველოს ევროპული გზის მიმართ.

„ყველას ძალიან დიდ მადლობას გიხდით, რომ აქ ხართ და აქტიურობთ „ცოდნის კაფეში“. აქ ჩამოსვლა გადავწყვიტე, რადგან სწორედ ის ადგილებია აღსანიშნავი, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა საკუთარი ინიციატივით იწყებს მოქმედებას.

თავისთავად მნიშვნელოვანია, თვითონ „ცოდნის კაფის“ დაარსება, რაც იმის ნიშანია, რომ აქ ცოცხალი, მოქალქეობრივი წამოწყებებია, ამისთვის ძალიან დიდი მადლობა თქვენ და არა მხოლოდ თქვენ, ყველას, ვინც ამაში მონაწილეობს, ახალგაზრდებსა თუ ხანშიშესულებს. აქ ყველა გულით ახალგაზრდაა და გულით ახალგაზრდობა სწორედ ამას ნიშნავს, როცა მზად ხართ გაიზიაროთ ახალი წამოწყება და ჩაერთოთ მასში.

ჩვენ აქ, თქვენთან ერთად ვაგრძელებთ კამპანიას „ჩვენი ხმა ევროპას“ რომლითაც გვინდა, რომ ევროკავშირს მივაწვდინოთ არამხოლოდ ხელისუფლებისა თუ პოლიტიკური პარტიების ხმა, არამედ მოქალაქეების ხმა, რადგან ევროპა, პირველ რიგში, იმისთვისაა, რომ ის კეთილდღეობა, რისთვისაც გვინდა ევროპა, ევროპის სტანდარტები და ევროპის წესები მოქალაქეებს შეეხოს, შემოვიდეს ჩვენთან და არა ის, რომ ჩვენ გადავიდეთ ევროპაში. ჩვენ შევალთ ევროპაში როგორც სახელმწიფო, მაგრამ ევროპა იმას ნიშნავს, რომ ყველა ადგილზე და პირველ რიგში, რეგიონსა და სოფელში, სადაც თავისუფალი ადამიანები ცხოვრობენ, იქ დამკვიდრდეს ის სტანდარტები, რისთვისაც მოგვწონს ევროპა, რისთვისაც ევროპაში  მიდიხართ სასწავლებლად და მიგაჩნიათ, რომ იქ შეიძლება შეიძინოთ გამოცდილება და თავისუფლება, რასაც შემდეგ თქვენს სოფელს, ქალაქს და ქვეყანას მოახმართ.

მე ვთქვი სიტყვა –  „თავისუფლება“ და ალბათ, ეს არის ის პირველი ღირებულება, რომელიც გვაერთიანებს ევროპასთან. თუ საქართველო დღემდე მოვიდა და დღემდე ასე ძლიერად დგას, რადგან ყოველთვის იყო თავისუფლებისმოყვარე, ჩვენ არასოდეს არ უნდა დავთმოთ ეს თავისუფლება, რადგან თავისუფალი ადამიანის გარდა, არაფერს არ აქვს ფასი. თავისუფალი ადამიანი არის ის, ვინც შემოქმედი ადამიანია და ჩვენ როცა ვსაუბრობთ ჩვენს კულტურაზე, იმიტომ ვაფასებთ მას, რომ იყო თავისუფალი შემოქმედება და ამან შექმნა ქართული კუტლურა. ეს არის ის თავისუფლება და ის თავისუფლების სიყვარული, რომელმაც არავის დაუთმო ეს კულტურა. თავისუფალი ქიზიყი – ტყუილად არ არის ნათქვამი – იბრძოდნენ ბოლომდე იმისათის, რომ დაეცვათ ჩვენი იდენტობა და კულტურა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მინდა, რომ ახალგაზრდებმა კარგად გაიგონ, რომ არ არის არანაირი წინააღმდეგობა ჩვენს კულტურას, ჩვენს იდენტობასა და ევროპულ ღირებულებებს შორის. პირიქით – ეს სრული თავსებადობაა – ერთი მეორეს აძლიერებს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, ევროკავშირი ის გაერთიანებაა, სადაც ყველაზე მეტადაა დაცული სხვადასხვა ქვეყნის იდენტობა, სხვადასხვა ქვეყნის კულტურა, სხვადასხვა ქვეყნის ენა და ასევე, რეგიონული ენები.

„ეს ყველაფერი არის ის, რაც ქმნის ევროპულ მრავალფეროვნებას, რადგან ყველას ერთი მეორის მიმართ აქვს პატივისცემა.

ეს არის სახელმწიფოებისა და ერების გაერთიანება, სადაც არცერთი არ შესულა ძალითა და ძალადობით და ჩვენი შესვლაც ასეა განპირობებული – რომ ეს არის ჩვენი, თავისუფალი არჩევანი. არ იქნება ეს ჩვენი არჩევანი? არ შევალთ! მაგრამ დღეს, ქართველი ხალხი და კიდევ უფრო საქართველოს ახალგაზრდობა ადასტურებს, რომ ჩვენ გვინდა ევროპა როგორიც არის და არა რაღაც სხვა თავსმხოვეული იდეოლოგია, ამიტომ ეს  პირველ რიგში, თქვენი დასაცავია, თქვენი გასაკეთებელია. მე ამ შემთხვევაში, ამ კამპანიის წამომწყები ვარ, რადგან ვიღაცამ უნდა წამოიწყოს. მე ასევე ვიცი სხვადასხვა ინიციატივები, რომლებიც სხვადასხვა ფორმითა წამოწყებული სრულიად თავისუფლად. ყველა ინიციატივა, რომელიც ამ კუთხით იქნება ნამდვილად მისასალმებელია. „ცოდნის კაფე“ თავიდანვე ჩერთო  და მონაწილეობს ხელმოწერების კამპანიაში „ჩვენი ხმა ევროპას“, რაც ასევე მნიშვნელოვანია. მე ძალიან ოპტიმისტი ვარ და მიმაჩნია, რომ ეს არის ის საკითხი, რომელზეც ქვეყანაშსა და საზოგადოებაში ეროვნული თანხმობა არსებობს და ამიტომ ეს გვაძლიერებს და გვაძლევს იმედს, რომ ასე გავაგრძელებთ“,  – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში