ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოსახლეობა ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევის მსხვერპლია, თამაზ გინტურის მკვლელობა ეთნიკური ქართველების მიმართ ძალადობის კიდევ ერთი აქტია - ილია დარჩიაშვილი

30 ნოემბერი 2023, 21:16 586 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 30-ე შეხვედრაზე სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. მინისტრმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის სახით და იმ მძიმე შედეგებზე, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიას მოჰყვა.

ილია დარჩიაშვილმა ყურადღება გაამახვილა კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების სახელმწიფო პოლიტიკასა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის კონსოლიდაციაზე.

როგორც მინისტრმა გამოსვლისას განაცხადა, 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულმა სრულმასშტაბიანმა სამხედრო აგრესიამ დაარღვია საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული წესრიგი, რასაც მოჰყვა უკრაინის ყირიმის ანექსია 2014 წელს და უკრაინაში მიმდინარე აგრესიული ომი.

მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთის ომი საქართველოს წინააღმდეგ წარმოადგენდა ცივი ომის შემდეგ სუვერენული სახელმწიფოს საზღვრების ძალისმიერად შეცვლის პირველ ღია მცდელობას.

დარჩიაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკვე 15 წელზე მეტია, რუსეთი განაგრძობს საქართველოს განუყოფელი რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის უკანონო ოკუპაციას საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების უხეში დარღვევით.

„რუსეთის ომი საქართველოს წინააღმდეგ, ცივი ომის შემდეგ, სუვერენული სახელმწიფოს საზღვრების იძულებით შეცვლის პირველი ღია მცდელობა იყო. უკვე 15 წელზე მეტია, რუსეთი აგრძელებს საქართველოს განუყოფელი რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის უკანონო ოკუპაციას საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების უხეში დარღვევით. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევის მსხვერპლია. მავთულხლართებით იზოლირებულებულ მოსახლეობას აშორებენ ნათესავებს, სასოფლო-სამეურნეო მიწებს, ღვთისმსახურებას, ართმევენ გადაადგილების თავისუფლებას, ძირითად საჭიროებებს. დამკვიდრებულ პრაქტიკად იქცა უკანონო დაკავებები და გატაცებები, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს. რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქის, თამაზ გინტურის ბოლო მკვლელობა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან კიდევ ერთი ძალადობის აქტია ეთნიკური ქართველების მიმართ“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკაზე და აღნიშნა, რომ ამ მიდგომას ორი მთავარი მიზანი აქვს: რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია და დაყოფილი საზოგადოების შერიგება.

ამ კონტექსტში, მან განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელოვან როლზე და ხაზგასმით აღნიშნა საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის მნიშვნელობა.

„საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე და კონსოლიდირებულ პოზიციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმისთვის, რომ რუსეთმა შეწყვიტოს აგრესია, შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები, პატივი სცეს მეზობლების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და გაიყვანოს თავისი ძალები უკანონოდ ოკუპირებული ტერიტორიებიდან. ნება მომეცით, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ეუთო-ს საქართველოს მეგობართა ჯგუფს ხმამაღალი და მტკიცე მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

სიტყვით გამოსვლისას ილია დარჩიაშვილმა კვლავ გამოხატა საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და დაადასტურა საქართველოს ერთგულება ეუთო-ს პრინციპებისადმი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში