2023 წელს, აჭარა 30-მდე ტურისტულ გამოფენასა და საერთაშორისო ღონისძიებაზე იყო წარმოდგენილი - ტურიზმის დეპარტამენტი

06 დეკემბერი 2023, 15:45 562 ნახვა

წელს, აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებს 30-მდე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენასა და ღონისძიებაზე გაეცნენ. ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონი ისეთ მნიშვნელოვან ტურისტულ გამოფენებზე წარადგინა, როგორებიცაა ბერლინის, მადრიდის, მილანის, დუბაის, პარიზის, ბარსელონას, პრაღის, ვენის, ბუდაპეშტის გამოფენები.  გარდა გამოფენებში მონაწილეობისა, აჭარის პოპულარიზაციის მიზნით გაიმართა პრეზენტაციები, მიღებები და სპეციალური საღამოები სკანდინავიის ქვეყნებში, უნგრეთსა და ისრაელში.

"დეპარტამენტმა ნოემბრის განმავლობაში,  აჭარის ტურისტული პროდუქტების, სერვისებისა და მიმართულებების პოპულარიზაცია ბარსელონას, ვარშავისა და ტაშკენტის ტურისტულ გამოფენებზე განახორციელა. ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა საქმიანი შეხვედრები ტურისტული და სარეკლამო სააგენტოების, მედიის წარმომადგენლებთან და ბლოგერებთან. მათთან თანამშრომლობით, უწყება 2024 წელს, აჭარაში პრეს და ინფოტურების ორგანიზებას  გეგმავს, რის ფარგლებშიც მომზადდება ტურისტული პაკეტები, დაიწერება სტატიები, ბლოგები და გაკეთდება სიუჟეტები, გადაცემები აჭარაში მოგზაურობასთან დაკავშირებით"- აცხადებენ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი საერთაშორისო ღონისძიებებში ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ სააგენტოებთან ერთად მონაწილეობდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში