უნგრეთის ევროპულ საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით საქართველოსა და უკრაინის საკითხი ერთმანეთისგან დამოუკიდებელია და საქართველომ კანდიდატის სტატუსი უნდა მიიღოს

07 დეკემბერი 2023, 21:03 489 ნახვა

უნგრეთის ევროპულ საქმეთა მინისტრის მოადგილემ ,ბარნა პალ ჟიგმონდმა განაცხადა რომ  უნგრეთი საქართველოს ევროინტეგრაციის მომხრეა და მხარს უჭერს, საქართველომ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.

ამის შესახებ ბარნა პალ ჟიგმონდმა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით მხარს საქართველოს და მომავალშიც დავუჭერთ. გვჯერა, რომ ეს იქნება გადაწყვეტილება, რომელიც საბოლოოდ აისახება საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაში. მიგვაჩნია, რომ გაფართოების პროცესი არ უნდა იყოს პოლიტიკური გადაწყვეტილება, თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველო ასრულებს მოთხოვნებს და გვჯერა, ეს იქნება გადაწყვეტილება, რომელიც კანდიდატის სტატუსამდე მიგვიყვანს“, – განაცხადა უნგრეთის ევროპულ საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, უკრაინის საკითხი დამოუკიდებელი პროცესია.

„საქართველოს მაგალითის შემთხვევაში, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს საჭიროა. უკრაინის შემთხვევაში, ვხედავთ, რომ გვჭირდება ახალი სტრატეგია, რადგან ამ ქვეყანაში არის ომი და არ შეგვიძლია, შევიმუშაოთ სისტემა, რომელიც სრულად შეესაბამება ევროპულ სამართლებრივ სისტემას“, – განაცხადა ბარნა პალ ჟიგმონდმა.

ბარნა პალ ჟიგმონდი უნგრეთის მმართველი პარტიის, „ფიდესის“ ერთ-ერთი ლიდერია და საქართველოს დელეგაციის ბუდაპეშტში გამართულ შეხვედრებს ესწრებოდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში