6 ადამიანი იმსხვერპლა სტიქიამ აშშ-ში. ტენესის შტატს ძლიერმა ტორნადომ გადაუარა და რამდენიმე რაიონი დააზარალა. საგანგებო სამსახურების ეკიპაჟები სტიქიის შედეგებს ებრძვიან. შტატში ტორნადოს გამო გაითიშა ელექტროენერგია. დრონით გადაღებულ კადრებში ასახულია სახლები, რომლებსაც სახურავები აქვთ ახდილი და სატვირთო მანქანები, რომლებიც ძლიერმა ქარიშხალმა ქალაქ კლარკსვილში ამოატრიალა. წითელმა ჯვარმა ადგილობრივ საშუალო სკოლაში დაზარალებული მოსახლეობისთვის დროებითი თავშესაფარი მოაწყო. თავშესაფრები ასევე გაიხსნა ნეშვილსა და მის შემოგარენში. პოლიციის განცხადებით, ნეშვილის რაიონში ტორნადოს სამი მსხვერპლიდან ერთ-ერთი პატარა ბავშვი იყო. სტიქიის შედეგად დაშავებული 13 ადამიანი ახლომდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს.