ევროპული საბჭოს სამიტი

14 დეკემბერი 2023, 11:40 358 ნახვა

საქართველოსთვის საკვანძო საკითხზე-მიენიჭოს თუ არა ჩვენს ქვეყანას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მსჯელობას ევროპელი ლიდერები ზუსტად ერთ საათში დაიწყებენ. სწორედ დღევანდელი და ხვალინდელი განხილვების შემდეგ გაირკვევა როგორ და რა სტატუსით გააგრძელებს საქართველო ევროპულ გზაზე სვლას. გარდამტეხ სამიტზე გაფართოების პაკეტზე იმსჯელებენ. მათ შორის როგორც უკვე გითხარით, ერთ-ერთი საკითხია გადავა თუ არა ჩვენი ქვეყანა გაფართოების პოლიტიკის მომდევნო ეტაპზე და ასევე გაიხსნება თუ არა უკრაინასთან და მოლდოვასთან წევრობის შესახებ მოლაპარაკებების ფანჯარა. ევროკავშირის გაფართოების დოკუმენტი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის გარდა კიდევ 7 ქვეყანას შეეხება.ესენია - მონტენეგრო, სერბეთი, ჩრდილოეთი მაკედონია, ალბანეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, კოსოვო და თურქეთი. 27 ქვეყნის ლიდერმა ერთხმად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ანუ საჭიროა ყველას თანხმობა. ევროპული საბჭო საბოლოო გადაწყვეტილებას ორდღიანი სამიტის მიმდინარეობისას გამოაცხადებს. ევროკომისიის მიერ შემუშავებული ანგარიშის მიხედვით, ქვეყნების გაწევრიანების მიმართულებით წინსვლა უნდა გაგრძელდეს, თუმცა პროცესი დამსახურებაზეა დაფუძნებული-ეს გზავნილი მოვისმინეთ ევროკომისიის პრეზიდენტისგან. სწორედ ამ კომისიის რეკომენდაცია აქვს ევროპულ საბჭოს, რომელმაც უნდა მიიღოს საბოლოოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება და თქვას იზიარებს თუ არა იმ ევროპელი ლიდერების პოზიციებს, რომლებიც ბოლო რამდენიმე დღეა აცხადებენ, რომ საქართველო იმსახურებს სტატუსის მიღებას. ყველა მათგან მწვანე შუქს უნთებს საქართველოს ევროპულ მომავალს, თუმცა როგორც უკვე გითხარით, ახლა ჯერი მაინც ევროპულ საბჭოზეა, რომლის პრეზიდენტი შარლ მიშელიც სხვათა შორის მომხრეა გაფართოების პოლიტიკის.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში