სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ძალადობის ფაქტებზე შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორი დააკავა

14 დეკემბერი 2023, 16:03 497 ნახვა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ძალადობის ფაქტებზე ახალციხეში შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორი დააკავეს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიების შედეგად, სამართალდამცველი მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში ჩადენილ სამ ძალადობრივ ეპიზოდში იქნა მხილებული.

"გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის 17 ნოემბერს ქ. ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დაცვის პოლიციის ინსპექტორმა ჰ.ს.-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მოქალაქე მ.მ.-ს.

2023 წლის 19 ნოემბერს სამართალდამცველმა ახალციხის რაიონში საკუთარი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დაზარალებული მოქალაქის შვილსა და მის მეგობარს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

2023 წლის 27 ნოემბერს ახალციხის რაიონში დაცვის პოლიციის ინსპექტორი დაზარალებულ მ.მ.-ს კვლავ შეხვდა და განმეორებით სცემა, ხელი სახის არეში რამდენჯერმე დაარტყა და ორივე ხელი ყელის არეში ძლიერად მოუჭირა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებული მოქალაქის საჩივრის საფუძველზე, დანაშაულის ამსახველი ვიდეოკამერის ჩანაწერები გამოითხოვა. დანიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რომლის დასკვნის მიხედვით, ერთ-ერთ დაზარალებულს სხეულზე სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები აღენიშნებოდა. ასევე, მოპოვებული იქნა სამართალდამცველის დანაშაულში მამხილებელი სხვა მტკიცებულებები, რის საფუძველზეც ინსპექტორი ძალადობის ბრალდებით იქნა დაკავებული“, – ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.

უწყების განმარტებით, დანაშაული ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე გამოძიებას აგრძელებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში