ისტორიული გამარჯვება მსოფლიოს და ევროპის მოქმედ ჩემპიონთან - საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა პორტუგალია დაამარცხა

20 დეკემბერი 2023, 21:19 583 ნახვა

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2024 წლის ჩემპიონატის ელიტ რაუნდში გამოსვლა სენსაციური გამარჯვებით დაასრულა. ავთანდილ ასათიანის გუნდმა E ჯგუფის ბოლო შეხვედრაში მსოფლიოსა და ევროპის მოქმედ ჩემპიონ პორტუგალიას უმასპინძლა და მეტოქე 2:1 დაამარცხა.

ანგარიში სტუმრებმა 22-ე წუთზე ნევეშის გოლით გახსნეს. თუმცა ამის შემდეგ ჩვენმა ნაკრებმა მოუმატა და 33-ე წუთზე ანგარიში ჩიმბამ გაათანაბრა. შეხვედრის დასრულებამდე ორი წუთით ადრე კი გიორგი ღავთაძემ გაიტანა და საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.

ამგვარად მსოფლიოს ჩემპიონატის ელიტ რაუნდის E ჯგუფში, 15 ქულით პირველი ადგილი პორტუგალიამ, დაიკავა, რომელიც პირდაპირ ტურნირის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს. საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში გამოსვლა 6 ქულით მესამე ადგილზე დაასრულა, თუმცა აღსანიშნავია, რომ უეფამ პორტუგალიელებისა და ფინელების საჩივრის გამო, ჩვენს ნაკრებს მოთამაშეთა ნატურალიზების წესის დარღვევისთვის 6 ქულა ჩამოართვა. E ჯგუფის მეორე ადგილოსანი კი 9 ქულით სწორედ ფინეთის ნაკრები გახდა, რომელიც საგზურისთვის პლეი ოფში ითამაშებს.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში