ყაჩაღობისა და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

21 დეკემბერი 2023, 17:39 461 ნახვა

თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ყაჩაღობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დ.პ. დამნაშავედ ცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2019 წლის 5 ნოემბერს, ბრალდებული სამ პირთან ერთად დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ არბოშიკში, ყაჩაღობის მიზნით თავს დაესხა თ.ბ.-ს. თავდამსხმელები დაზარალებულზე ძალადობით მისგან ფულს და ოქროს ნივთებს ითხოვდნენ. თ.ბ.-ს წინააღმდეგობის შეწყვეტისა და თანხის დაუფლების მიზნით ბრალდებულებმა იგი შებოჭეს და დაახრჩვეს, რის შემდეგაც დაზარალებულის ოჯახის კუთვნილი 7900 ლარის ღირებულების ოქროს ნივთებს, 3100 ლარს და 1600 ლარად ღირებულ ,,ლენოვოს’’ ფირმის ლეპტოპს დაეუფლნენ და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

"ვინაიდან დ.პ. მიმალვაში იმყოფებოდა, მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით, მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,გ’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, ჩადენილი ჯგუფურად, ანგარებით, არაერთგზის ) და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით) წარედგინა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა.

წითელი ცირკულარით ძებნილი დ.პ. საქართველოს მხარის მოთხოვნით, საფრანგეთში სამართალდამცველებმა დააკავეს. მისი საქართველოში ექსტრადირება 2023 წლის 29 მარტს
განხორციელდა.

თელავის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, 2020 წელს თელავის რაიონულმა სასამართლომ ჯგუფის სხვა წევრები დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად ორ პირს 20-20 წლით, ხოლო ერთს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა"- აცხადებენ პროკურატურაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში