დაზიანებული ავტომობილები, სახურავები, განათების ბოძები, მოგლეჯილი ხეები - ძლიერი ქარის შედეგები ბათუმში

24 დეკემბერი 2023, 09:12 2235 ნახვა

ძლიერმა ქარმა, ღამით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობას სახურავი გადახადა, რამაც რუსთაველის ქუჩა ჩახერგა.

ძლიერი ქარის შედეგად, ქალაქში და ცენტრალურ პარკში მოგლეჯილია ხე-მცენარეები, დაზიანდა განათების ბოძები.

ჰაიდარ აბაშიძის ქუჩაზე, ქარის შედეგად, ნაძვის ხე წაიქცა და 4 ავტომობილი მოიყოლა,  შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

შეფერხება იყო  ბათუმის შემოსასვლელ მთავარ გზაზე. ქარისგან მოგლეჯილმა ხეებმა მახინჯაურის ცენტრთან გზა ჩახერგეს. ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახურის რამდენიმე ბრიგადა, რომლებმაც გზის სავალი ნაწილი ხეებისგან გაათავისფლეს.წაქცეულმა ხემ დააზიანა სატვირთო ავტომობილის მისაბმელიც.

ბათუმის მერიის სამსახურებში, ღამის მონაცემებით 8 შეტყობინება შევიდა, ძირითადად განათების ბოძების წაქცევასთან და სახურავების დაზიანებასთან დაკავშირებით.

დაზიანებულ ტერიტორიებზე, სამაშველო, გამწვანებისა და მერიის თანამშრომლები მთელი ღამის განმავლობაში იყვნენ მობილიზებული. 

მეტეოროლოგ კობა ფარტენაძის ინფორმაციით ქარიშხლის მაქსიმალური სიჩქარე 25 მეტრ წამს აღწევდა რაც სახიფათო ნიშნულად ითვლება.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში