თქვენი ლოცვით, ღირსეულად განვაგრძობთ გზას, განვამტკიცებთ საზოგადოების ერთობას, შემწყნარებლობასა და ურთიერთსიყვარულს - სალომე ზურაბიშვილი

25 დეკემბერი 2023, 14:28 419 ნახვა

დაე, თქვენი ლოცვით, დაისადგუროს სიმშვიდემ ჩვენს გულებში, კეთილდღეობამ ჩვენს სახლებში, მშვიდობამ მთელ დედამიწაზე, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის აღსაყდრების დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მისალოც წერილშია ნათქვამი.

„უღრმესი პატივისცემით გილოცავთ ღირსშესანიშნავ თარიღს, აღსაყდრების 46 წლის იუბილეს, თქვენთან ერთად ვულოცავ თქვენს სამწყსოს, სრულიად საქართველოს.

ეს წლები, რომლებიც თქვენ, როგორც საქართველოს ეკლესიის წინამძღოლმა გამოიარეთ, რთული იყო საქართველოსთვის და ასევე, რთული იყო თქვენთვის, საქართველოს სულიერი მამისთვის. თქვენი ლოცვა და თანადგომა აძლიერებდა და განამტკიცებდა ჩვენს რწმენას, გვანუგეშებდა ძნელბედობისას. დღესაც თქვენი მზრუნველობა სწვდება ყველას, ეროვნებისა და აღმსარებლობის მიუხედავად და შთააგონებს სიკეთისა და სამართლიანობის, მშვიდობისა და პატივისცემის იდეალებს. ერის თქვენდამი სიყვარული, ერთგულება და ნდობა საუკეთესოდ გამოხატავს თქვენს ღვაწლს როგორც ქვეყნის, ისე თითოეული თქვენი სულიერი შვილის ცხოვრებაში.

სულ ახლახან, ჩვენმა სამშობლომ გადადგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი სანუკვარი მიზნისაკენ, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში ვესწრაფოდით. კვლავ თქვენი ლოცვითა და თანადგომით, ღირსეულად განვაგრძობთ ამ გზას და განვამტკიცებთ ჩვენი საზოგადოების ერთობას, შემწყნარებლობასა და ურთიერთსიყვარულს.

სრულიად საქართველოს სახელით გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს და გისურვებთ ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას. დაე, თქვენი ლოცვით დაისადგუროს სიმშვიდემ ჩვენს გულებში, კეთილდღეობამ ჩვენს სახლებში, მშვიდობამ მთელ დედამიწაზე. მრავალი ბედნიერი ახალი წელი ეზეიმოს თქვენი ლოცვითა და მზრუნველობით გაძლიერებულ საქართველოს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი მისალოც წერილში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში