პროკურატურამ სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

25 დეკემბერი 2023, 20:34 538 ნახვა

საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე შპს „მარნეულის სამედიცინო ცენტრი ადიკი“-ს დირექტორს და ამავე დაწესებულების ფარმაცევტს, ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 1 აგვისტოდან 2022 წლის 1 იანვრამდე შპს „მარნეულის სამედიცინო ცენტრი ადიკი”-ს დირექტორმა ამავე საავადმყოფოში „COVID 19“-ის დადასტურებული შემთხვევების მკურნალობისთვის მოთავსებულ პაციენტებზე გაწეული სამედიცინო კვლევების საერთო ღირებულება ხელოვნურად გაზარდა 93 619,48 ლარით, რისი ანაზღაურებაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოხდა.

„ასევე ბრალდებულმა, ამავე დაწესებულების ფარმაცევტთან ერთად COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტების თერაპიულ მკურნალობაზე გაწეული დანახარჯი 14 412.86 ლარით ხელოვნურად გაზარდეს, რაც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან ზედმეტად იქნა გადახდილი. ორივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და დიდი ოდენობით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა, ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში