გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 8 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

28 დეკემბერი 2023, 10:05 772 ნახვა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, მიმდინარე წლის დეკემბერში 8 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 4 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო დალუქულია სამეგრელოში - აბაშის, ხობისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში.

„მოქალაქეებს ცირკული ტიპის სახერხი დანადგარები საკარმიდამო ეზოებში ჰქონდათ მოწყობილი. ხობის მუნიციპალიტეტში გამოვლენილი სახერხი საამქროს ტერიტორიაზე კი, 20 ერთეული კრიპტომერიის სახეობის დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი) და 0,77 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ძელი) იყო განთავსებული.

თითო-თითო სამართალდარღვევაა გამოვლენილი აჭარაში, იმერეთში, სამცხე-ჯავახეთსა და კახეთში. მოქალაქეებს შუახევის, ბორჯომისა და თელავის მუნიციპალიტეტებში ლენტური, ხონის მუნიციპალიტეტში კი, ცირკული ტიპის უკანონო სახერხი დანადგარები ჰქონდათ დამონტაჟებული. საამქროების ტერიტორიებიდან ამოღებულია, საბოლოოდ, 28 ერთეული წიფლისა და თხმელის (მურყანი) სახეობის დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი) და 2 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი).

ვინაიდან რვავე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში