ქვეყანაში ჩვეულებრივი სეზონური ვირუსებია, არანაირი განგაშის და პანიკის საფუძველი არ გვაქვს - ზურაბ აზარაშვილი

08 იანვარი 2024, 15:36 527 ნახვა

დღეს ქვეყანაში ჩვეულებრივი სეზონური ვირუსებია, არანაირი განგაშისა და პანიკის საფუძველი არ გვაქვს, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინები ქვეყანაში ხელმისაწვდომია და მისი გაკეთება ყველა მსურველს შეუძლია.

"ჩვენ ჯერ კიდევ შემოდგომის დასაწყისში უზრუნველვყავით და ქვეყანაში შემოვიტანეთ შესაბამისი გრიპის რამდენიმე კომპონენტიანი ვაქცინა. სამინისტრო აქტიურად მოუწოდებდა სხვადასხვა კამპანიებით მოსახლეობას, რომ გაეკეთებინათ შესაბამისი აცრები. დღეს რაც ხდება ქვეყანაში, ეს ჩვეულებრივი, სეზონური ვირუსებია. არა მარტო საქართველოში, მთელს მსოფლიოში ასეა. სეზონურად გარკვეულ პიკურ მაჩვენებელს აღწევს, ვთქვათ, იანვრის ბოლომდე, თუმცა არანაირი განგაშის საფუძველი აქ არ არის. ეს ვირუსი ძირითადად შეიძლება, გამოხატული იყოს ბავშვებში, თუმცა არაფერი განსაკუთრებული ისეთი, რომ რაიმე პანიკის საფუძველი იყოს. ვაქცინაციას რაც შეეხება და გრიპის ვაქცინებს, ეს მარაგში დღესაც გვაქვს და ყველა მსურველს შეუძლია, ჩაიტაროს შესაბამისი ვაქცინაცია“,- განაცხადა აზარაშვილმა.

​კლინიკების შესაძლო გადავსებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე, მინისტრმა აღნიშნა, რომ სამედიცინო დაწესებულებები გადავსებული არ არის და ამის არანაირი საშიშროება არ არსებობს.

„არც კლინიკები არ არის გადავსებული და არც არანაირი საშიშროება, საფრთხე ამ კუთხით არ არსებობს. გასული წლების მსგავსად, ჩვეულებრივი სეზონური გრიპები ტრიალებს ქვეყანაში და განსაკუთრებული არაფერი არ ხდება“, - აცხადებს ზურაბ აზარაშვილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში