დღეიდან საქართველოში ევროპული პატენტების ვალიდაცია შესაძლებელი გახდა

15 იანვარი 2024, 12:25 442 ნახვა

საქართველოს მთავრობასა და ევროპის საპატენტო ორგანიზაციას შორის ევროპული პატენტების ვალიდაციის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა.

„საქპატენტის“ ინფორმაციით, 2024 წლის 15 იანვრიდან შესაძლებელი გახდა ევროპული საპატენტო განაცხადების და ევროპის საპატენტო უწყების (EPO) მიერ გაცემული ევროპული პატენტების საქართველოში ვალიდაცია.

„აღსანიშნავია, რომ ევროპის საპატენტო უწყება (EPO), წარმოადგენს ევროპის მასშტაბით მეორე უმსხვილეს საჯარო სერვისების განმახორციელებელ ინსტიტუციას. ევროპის საპატენტო ორგანიზაციაში გაწევრიანებულია 39 ქვეყანა, მათ შორისაა ევროკავშირის წევრი 27-ვე სახელმწიფო და ასევე ევროკავშირის არაწევრი ქვეყნები. გარდა ამისა, გავრცელების სტატუსი გააჩნია ერთ ქვეყანას, ვალიდაციის სტატუსი კი – ოთხ ქვეყანას. დღეიდან საქართველო ვალიდაციის სტატუსით – მე-5, ხოლო რიგით 45-ე ქვეყანა იქნება, სადაც, ევროპული საპატენტო განაცხადის საფუძველზე, საპატენტო დაცვა იქნება შესაძლებელი“,- აღნიშნულია „საქპატენტის“ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, 15 იანვრიდან ევროპულ საპატენტო განაცხადსა და ვალიდირებულ ევროპულ პატენტს ვალიდაციის შეთანხმების შესაბამისად ექნება იგივე იურიდიული ძალა და მათზე გავრცელდება იგივე სამართლებრივი პირობები, როგორიც განსაზღვრულია ეროვნული საპატენტო განაცხადისა და ეროვნული პატენტისათვის.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში