ონკოლოგიურ მედიკამენტებთან დაკავშირებით უპრეცედენტო პროექტი გვაქვს დაწყებული - აზარაშვილი

22 იანვარი 2024, 16:21 397 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, უწყებას ონკოლოგიურ მედიკამენტებთან დაკავშირებით უპრეცედენტო პროექტი აქვს დაწყებული, სადაც სახელმწიფო პასუხისმგებელია, მედიკამენტები პაციენტებს მიაწოდოს.

„ონკოლოგიურ მედიკამენტებთან დაკავშირებით ჩვენ უპრეცედენტო პროექტი გვაქვს დაწყებული, სადაც სახელმწიფო არის უშუალოდ ამ მედიკამენტების შემოტანაზე პასუხისმგებელი და პაციენტებამდე ამ მედიკამენტების მიტანაზეც. ჩვენ შესაბამის დისტრიბუციის ტენდერი უკვე გამოვაცხადეთ, სანამ უშუალოდ მწარმოებლებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, უკვე მესამე მწარმოებელთან თითქმის ბოლომდე ამოვწურეთ მოლაპარაკებების შესაძლებლობა. მესამე მწარმოებელთან უკვე შევთანხმდით. მოგეხსენებათ, ორთან უკვე დეკემბრის თვეში დავასრულეთ კონტრაქტის ხელმოწერაც და იანვრის თვიდან უკვე დაწყებულია მედიკამენტის შემოტანა. მესამე მწარმოებელთან ვფიქრობ, რომ დაახლოებით 2 კვირის პერიოდში მივაღწევთ საბოლოო კონტრაქტის ხელმოწერას. ეს არის ჩვენ მიერ შესყიდული ონკოლოგიური მედიკამენტების დაახლოებით 60%, მაშინდელი ფასით, რა ფასადაც 2022-2023 წწ-ში ვახდენდით მედიკამენტების შეძენას, ხოლო მომწოდებლებთან ინტენსიური მოლაპარაკებების საფუძველზე, ჩვენ შევძელით მიგვეღწია მნიშვნელოვანი შედეგისთვის, რაც გულისხმობს იმას, რომ მინიმუმ 2-ჯერ მეტი მედიკამენტის შეძენას შევძლებთ იმ ბიუჯეტის ფარგლებში, რომელსაც 2022-2023 და წინა წლებში ვხარჯავდით.

მოგეხსენებათ, ეს საკმაოდ დიდი შეღავათია როგორც სახელმწიფო ბიუჯეტისთვის, ასევე ჩვენი მოსახლეობისთვის, სადაც 2-ჯერ მეტი რაოდენობის მედიკამენტს შევიძენთ, ვიდრე წინა წლების განმავლობაში შევძლებდით. დაახლოებით 50 მლნ ლარის ეფექტია მხოლოდ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე, ხოლო სხვა დანარჩენი რეფორმები, რაც დაწყებული გვაქვს, როგორც რეფერენტული ფასწარმოქმნით, ასევე თურქეთის პარალელური იმპორტის გახსნით, საერთო ჯამში, 350-400 მლნ-ის დანაზოგია ჩვენი მოქალაქეებისთვის, მაგრამ ეს საკმარისი არ არის და ჩვენ ვაგრძელებთ ინტენსიურ მოლაპარაკებებს, ყველა შესაძლო დაზოგვის კუთხით. ვფიქრობ, რამდენიმე ხნის შემდეგ ქვეყანაში სამართლიანად მოწესრიგებული ფარმაცევტული ბაზარი იქნება და ასევე, მონიტორინგი საკმაოდ ეფექტიანი იქნება“, - განაცხადა აზარაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში