რესპუბლიკურ საავადმყოფოში საფრთხის შემცველი ზონები დაიხურა, უახლოეს მომავალში, დაიწყება საავადმყოფოს არსებული შენობის დემონტაჟი - ჯანდაცვის სამინისტრო

23 იანვარი 2024, 15:47 625 ნახვა

ძლიერი ქარის შედეგად, რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობა დაზიანდა, ჩაიმსხვრა მინები და საავადმყოფოს ტერიტორიაზე ჩამოცვივდა. შრომის ინსპექციის გადაწყვეტილებით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში საფრთხის შემცველი ზონები დაიხურა და კლინიკის ტერიტორიაზე გადაადგილება შეიზღუდა - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ახალი, მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის მოსაწყობად, უახლოეს მომავალში დაიწყება თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს არსებული შენობის დემონტაჟი. მათივე განმარტებით, გადაწყვეტილება კლინიკის წინაშე არსებული მასშტაბური პრობლემებისა და გამოწვევების, ასევე, ხუთი სხვადასხვა ექსპერტული დასკვნის საფუძველზე იქნა მიღებული.

"პროცესში ჩართულები იყვნენ როგორც ქართველი, ისე – საერთაშორისო ექსპერტები. ჩატარებულმა კვლევებმა, კლინიკაში არსებული რთული ვითარება მკაფიოდ წარმოაჩინა. სპეციალისტების დასკვნით, იმისთვის, რომ კლინიკამ საერთაშორისო სტანდარტები დააკმაყოფილოს, შენობის რეკონსტრუქცია, ძირითად შემთხვევაში, შეუძლებელი და არარენტაბელურია. აღნიშნული ინფრასტრუქტურული პრობლემების გარდა, გამოწვევად რჩება კლინიკის სერვისების სიმწირე, სტანდარტებთან შეუსაბამობა, ასევე – კლინიკური და ფინანსური გამოწვევები. ასევე, გამოწვევად რჩება კლინიკის თანამშრომელთა უსაფრთხოებაც

ძლიერი ქარის შედეგად, რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობა დაზიანდა. ჩაიმსხვრა მინები და საავადმყოფოს ტერიტორიაზე ჩამოცვივდა. შენობაში, პაციენტთა და თანამშრომელთა უსაფრთხოება შრომის ინსპექციის სამსახურმა და რეგულირების სააგენტომ შეამოწმა. შრომის ინსპექციის მოკვლევის ოქმში აღნიშნულია, რომ მწვავე ავარიულ მდგომარეობაში არსებული და დაზიანებული ფასადიდან მუდმივად ხდება სამშენებლო ელემენტების ცვენა როგორც კლინიკის შიდა ეზოში, ისე – გარე პერიმეტრზე, რამაც შესაძლოა, გამოიწვიოს დასაქმებულების, პაციენტებისა და ვიზიტორების დაშავება. შრომის ინსპექციის გადაწყვეტილებით, საფრთხის შემცველი ზონები დაიხურა და კლინიკის ტერიტორიაზე გადაადგილება შეიზღუდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში