ჯანდაცვის სამინისტრომ, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებისთვის, კომპენსაციებთან დაკავშირებით, შეთავაზების პროცესი ოფიციალურად დაიწყო

24 იანვარი 2024, 14:45 522 ნახვა

ჯანდაცვის სამინისტრომ, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებისთვის, კომპენსაციებთან დაკავშირებით, შეთავაზების პროცესი ოფიციალურად დაიწყო - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების განმარტებით, შესაბამის დოკუმენტებს, თითოეული თანამშრომელი ინდივიდუალურად მიიღებს.  გადაწყვეტილება კი 14 დღის განმავლობაში უნდა მიიღონ.

"სპეციალური პაკეტი, რომელიც დასაქმების შესაძლებლობას თუ ღირსეულ კომპენსაციას გულისხმობს, კლინიკის პერსონალს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა 22 იანვარს გამართულ შეხვედრაზე გააცნეს.

შეთავაზებების პაკეტის მიხედვით:

· ნებისმიერი თანამშრომელი, რომელიც მხოლოდ რესპუბლიკურ საავადმყოფოშია დასაქმებული, კომპენსაციის სახით, ერთჯერადად, 12 თვის ხელფასით იქნება უზრუნველყოფილი;

· თუ კლინიკის თანამშრომელი სხვა დაწესებულებაშიც მუშაობს, კომპენსაციის სახით, 4 თვის ხელფასს მიიღებს;

· სამედიცინო პერსონალი, რომელიც 12-თვიან კომპენსაციაზე უარს განაცხადებს, ჯანდაცვის სამინისტრო, სხვა სამედიცინო კლინიკაში, იმავე პოზიციაზე დასაქმებასა და 4 თვის ხელფასის ოდენობით კომპენსაციას შესთავაზებს;

· სამედიცინო პერსონალი, რომელიც არ მუშაობს სხვა დაწესებულებაში და სამინისტრო, ალტერნატიულ სამსახურს ვერ შესთავაზებს, უწყება, 3 წლის განმავლობაში, დასაქმებამდე, ყოველთვიურ სახელფასო ანაზღაურებას გადაუხდის;

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა, შეთავაზებებთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება 14 დღის განმავლობაში უნდა მიიღონ, რის შემდეგაც შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები დაიწყება.

მნიშვნელოვანია, რომ კლინიკის თანამშრომელთა უფლებები სრულად იქნება დაცული. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მათი ნაწილი, სამინისტროს ჩართულობით, სხვადასხვა სახელმწიფო კლინიკაში უკვე დასაქმდა. პროცესს, უშუალო ზედამხედველობას, შრომის ინსპექციის სამსახური გაუწევს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში