პარლამენტმა ახალ პრემიერსა და მთავრობის შემადგენლობას ნდობა პრემიერისთვის უფლებამოსილების შეწყვეტიდან ორი კვირის ვადაში უნდა გამოუცხადოს

29 იანვარი 2024, 17:15 542 ნახვა

ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომით მინისტრთა კაბინეტის უფლებამოსილებაც შეწყდა. მომდევნო პრემიერ-მინისტრის კაბინეტის ფორმირებამდე ისინი მოვალეობის შემსრულებლები იქნებიან. საქართველოს პარლამენტმა ახალი პრემიერი და მთავრობის შემადგენლობა პრემიერის უფლებამოსილების შეწყვეტიდან ორი კვირის ვადაში უნდა დაამტკიცოს. 

კანონმდებლობის მიხედვით, პარლამენტი საქართველოს მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან ან უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტიდან ორი კვირის ვადაში, ნდობას უცხადებს პარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიის მიერ წამოყენებული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ საქართველოს მთავრობას.

წარდგენილ კანდიდატს ნდობის მისაღებად ესაჭიროება პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა. საქართველოს მთავრობის შემადგენლობასთან ერთად, პარლამენტს წარედგინება სამთავრობო პროგრამაც.

დღეს, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. მისივე თქმით, პოლიტსაბჭოსგან მიიღო შეთავაზება, დაიკავოს პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა, ამასთან დაკავშირებით კი ყრილობა პირველ თებერვალს გაიმართება.

გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძე იქნება წარდგენილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში