ლეღვაში მომხდარი მკვლელობის საქმე

29 იანვარი 2024, 20:25 773 ნახვა

„ვიცი არ მაქვს ამის უფლება, მაგრამ ბოდიშს ვუხდი გიორგი ალხანიშვილის დედას მომხდარის გამო“ - ასეთი იყო სასტიკი მკვლელობის დაფარვაში ბრალდებულის ალექსანდრე ახვლედიანის პოზიცია,რომელიც მან უმძიმესი ჩვენების ბოლოს დააფიქსირა. ოქროს მოწმემ სასამართლოს მკვლელობის გარშემო აღიარებითი ჩვენება ამჯერად მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულების ლუკა ჯიბლაძისა და დავით მენაბდის წინააღმდეგ მისცა. ოქროს მოწმის ინფორმაციით, გასული წლის 18 მაისს გიორგი ალხანიშვილი ალექსანდრე ბაჟუნაიშვილმა მოკლა. მან დაადასტურა რომ მკვლელობის თვითმხილველები ასევე იყვნენ ლუკა ჯიბლაძე და დავით მენაბდე და კიდევე ერთხელ აღიარა, რომ ცხედრის დამალვაში ალექსანდრე ბაჟუნაიშვილს თავად დაეხმარა. მკვლელობიდან რამდენიმე საათში, სანამ ალექსანდრე ბაჟუნაიშვილი საქართველოს დატოვებდა, მოწმის ინფორმაციით,მომხდარი მკვლელობის შესახებ შეიტყო ბრალდებულის მამამ და ორმა ბიძამ, რომლებიც ასევე ბრალდებულები არიან ამავე საქმეში. მიზეზი რატომ არ შეატყობინა სამართალდამცავებს ახვლედიანმა მომხდარი მკვლელობის შესახებ, თქვა, რომ გიორგი ბაჟუნაიშვილი მას დანაშაულის დაფარვას სთხოვდა და ახდენდა ზეწოლას.მოწმის ინფორმაციით, განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მამა დანაშაულის დაფარვის მიზნით, ცხედრის ჩაბეტონების და დაწვის ვერსიებსაც განიხილავდა. განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ალექსანდრე ბაჟუნაიშვილი საექსტრადიციო პატიმრობაში ლონდონში იმყოფება.დაუზუსტებელი ინფორმაციით, მისი საქართველოში ჩამოყვანა მარტში იგეგმება, თუმცა ამ ინფორმაციას პროკურატურა ამ ეტაპზე არ ადასტურებს. მომდევნო სხდომაზე გახდება ცნობილი, მისცემენ თუ არა ჩვენებას სასამართლოს მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულები ლუკა ჯიბლაძე და დავით მენაბდე.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში