რუსულმა ძალებმა უკრაინის აღმოსავლეთ, ცენტრალურ და სამხრეთ რეგიონებს დრონებით შეუტიეს

30 იანვარი 2024, 10:16 463 ნახვა

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის აღმოსავლეთ, ცენტრალურ და სამხრეთ რეგიონებს დრონებით შეუტიეს. იერიშები მიიტანეს მიკოლაევის და დნეპროპეტროვსკის მიმართულებით.

უკრაინაში საჰაერო განგაში რამდენიმე ოლქში, მათ შორის კიევშიც, დრონებით შესაძლო თავდასხმის გამო ჩაირთო. დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები, გენერალური შტაბის ინფორმაციით, ფრონტზე თავდაცვის ძალებსა და რუს სამხედროებს შორის 50-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება განხორციელდა.

საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრად რჩება დონეცკის ოლქი, სადაც გუშინ მომხდარი აფეთქებების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. დონეცკში რუსეთის მიერ დანიშნული მმართველობა მომხდარზე პასუხისმგებლობას კიევს აკისრებს.

რაც შეეხება ომში მყოფი ქვეყნის დახმარებას, ნიდერლანდები უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად 122 მილიონ ევროს გამოყოფს.

დახმარების ახალი პაკეტის ფარგლებში, თანხების უმეტესი ნაწილი - 87 მილიონი ევრო - უკრაინისთვის 155 მმ-იანი საარტილერიო საბრძოლო მასალის შეძენას მოხმარდება. 25 მილიონი ევრო გადაეცემა უკრაინის საერთაშორისო ფონდს, რომელსაც ხელმძღვანელობს გაერთიანებული სამეფო და რომელიც აფინანსებს სამხედრო ტექნიკის ერთობლივ შეძენას უშუალოდ მწარმოებლებისგან - კერძოდ, საჰაერო თავდაცვის სისტემების, საბრძოლო მასალისა და სათადარიგო ნაწილების შეძენას.

10 მილიონი ევრო უკრაინაში კიბერთავდაცვის გაძლიერებას მოხმარდება IT-კოალიციის ფარგლებში, რომელსაც ნიდერლანდები უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის ბოლო შეხვედრის შემდეგ შეუერთდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში