იანვარში წითელას 16 შემთხვევა დაფიქსირდა, უმრავლესობა 20-დან 40 წლამდე პირია - ივანე ჩხაიძე

30 იანვარი 2024, 14:54 510 ნახვა

„იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, საქართველოში 2023 წელს წითელას 26 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 2024 წლის იანვარში კი 16 შემთხვევა.

ივანე ჩხაიძის განცხადებით, ვაქცინაციის მაჩვენებელიც შემცირებულია და თუ 2019 წელს 5 წლის ასაკში ბავშვთა 97%-ს ჰქონდა გაკეთებული წითელას ვაქცინა, ახლა ეს რიცხვი  88%-მდე შემცირდა. ივანე ჩხაიძის რეკომენდაციაა, დროულად აცრან ის ბავშვები, ვინც წითელაზე ჯერ არ აცრილან ან პანდემიის პერიოდში მშობლებმა ბავშვებისთვის წითელას საწინააღმდეგო მეორე ვაქცინა გამოტოვეს.

"ჯანმოს კლასიფიკაციის მიხედვით საქართველო ევროპის რეგიონს მიეკუთვნება. ევროპაში კატასტროფული სიტუაცია გვაქვს. თუ შევადარებთ 2022 წელს 42-ჯერ არის მომატებული შემთხვევების რაოდენობა. 2022 წელს - 941 შემთხვევა იყო და 2023 წელს კი 42 000 შემთხვევა გვაქვს. ევროპის 56-დან 40 ქვეყანაში ჯანმოს კლასიფიკაციით დაფიქსირებულია შემთხვევების მკვეთრი მატება, საბედნიეროდ, საქართველო ჯერჯერობით ამ კატეგორიას არ განეკუთვნება. თუმცა ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანში ამ კუთხით სერიოზული აფეთქებაა და წითელას შემთხვევები მკვეთრად მომატებულია.

მნიშვნელოვანია, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ბავშვებს არ ეხება. 2023 წელს მთელი წლის განმავლობაში 26 შემთხვევა გვქონდა. 2024 წლის იანვარში კი 16 შემთხვევა გვაქვს. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია მატებაა. ამ 16 შემთხვევიდან 14 არის თბილისში და უმრავლესობა არის 20-დან 40-მდე წლამდე პირი.

ვაქცინაციით კუთხით პანდემიამდე ქვეყანა იყო საუკეთესო ევროპაში, ჩვენ ერთი წლის ასაკში წითელას ვაქცინით მოცვის მაჩვენებელი 100% გვქონდა. წითელას ვაქცინა ორჯერად კეთდება წლისა და 5 წლის ასაკში. სრულ იმუნიტეტს ბავშვი იღებს 5 წლის ასაკში ჩატარებული მეორე ვაქცინით. 2019 წელს 97%-ს ჰქონდა ბავშვთა 5 წლის ასაკში გაკეთებული წითელას ვაქცინა. ახლანდელი ციფრები არის შემდეგი: 100% ჩამოვიდა 94%-მდე, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია მეორეა - 5 წლის ასაკში 97% ჩამოვიდა 88%-მდე. 88% ნიშნავს, რომ ქვეყანაში ათასობით ბავშვი აუცრელია, რაც შემთხვევების მატებას, რა თქმა უნდა, გამოიწვევს“, - განაცხადა ჩხაიძემ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში