პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარების ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინა

30 იანვარი 2024, 16:48 424 ნახვა

პროკურატურამ, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარების ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინა - ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით ამ ეტაპზე დადგენილია, რომ გ. ბ-მ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა ,,მაკაროვის'' სისტემის და ,,ბერეტა ბრევ.950’’ მოდელის პისტოლეტებს, ასევე 17 ცალ საბრძოლო ვაზნას.

"აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა 25 იანვარს, ბათუმში, ნინოშვილის ქუჩაზე, გადაუდებელი აუცილებლობის დროს ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ბრალდებულის კუთვნილი ავტომანქანიდან იქნა ამოღებული.

სამართალდამცველებმა გ.ბ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში