ლეღვაში მომხდარი მკვლელობის ერთ-ერთ გამოყოფილ საქმეზე სასამართლომ მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა

01 თებერვალი 2024, 14:48 530 ნახვა

ქობულეთში, ლეღვაში მოკლული  გიორგი ალხანიშვილის საქმეზე ორმა მთავარმა მოწმემ სასამართლოს ჩვენება არ მისცა. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულებმა დავით მენაბდემ და ლუკა ჯიბლაძემ დუმილის უფლებით ისარგებლეს. მათ გამოძიების ეტაპზე  პროკურატურასთან  ნაწილობრივ ითანამშრომლეს.

ამის გარდა, წინა სხდომაზე ამავე დანაშაულის დაფარვაში ბრალდებულმა და ოქროს მოწმემ  ალექსანდრე ახვლედიანმა აღიარებით ჩვენებაში დაადასტურა, რომ ჯიბლაძეც და მენაბდეც თვითმხილველები არიან, თუ როგორ  ურტყამდა დანას ალექსანდრე ბაჟუნაიშვილი მისსავე მეგობარს  გიორგი ალხანიშვილს.

დღეს ბრალდების მხარემ დაასრულა მტკიცებულებების გამოკვლევა და მხარეები დასკვნით სიტყვას 8 თებერვალს წარმოთქვამენ, რის შემდეგაც მოსამართლე  გახმაურებულ საქმეზე განაჩენს გამოაცხადებს.  უცნობია ისარგებლებენ თუ არა ბრალდებულები საბოლოო სიტყვით.

რაც შეეხება განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს, ალექსანდრე ბაჟუნაიშვილი ამ დრომდე ლონდონში საექსტრადიციო პატიმრობაში იმყოფება და  ჩვენი ინფორმაციით, მისი საქართველოში ჩამოყვანა მაისში იგეგმება.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში