იმის თქმა, რომ საქართველოში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს უწევთ საფასურის გადახდა სახელმწიფო ენის შესწავლის მიზნით, არის სიცრუე - თეა ახვლედიანი

05 თებერვალი 2024, 18:55 438 ნახვა

იმის თქმა, რომ საქართველოში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს სახელმწიფო ენის შესწავლის მიზნით უწევთ საფასურის გადახდა - ეს არის სიცრუე, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა თეა ახვლედიანმა საკანონმდებლო ორგანოში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

ახვლედიანის თქმით, „1+4 პროგრამა" სომხურენოვან და აზერბაიჯანულენოვან თანამოქალაქეებს უმაღლეს სასწავლებელში განათლების მიღების მიზნით, ქართული ენის შესწავლის ერთწლიან უფასო პროგრამაში ჩარიცხვის შესაძლებლობას აძლევს.

"რაც შეეხება ქართული ენის სწავლებას, აქაც მინდა საზოგადოებას განვუმარტო, რომ გამორჩეულად, გამოყოფილად იმის თქმა, რომ საქართველოში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს უწევთ საფასურის გადახდა სახელმწიფო ენის შესწავლის მიზნით, ეს არის მცდარი, არის სიცრუე - ჩვენ სამი წლის განმავლობაში, რაც მე მინისტრი ვარ, სხვადასხვა ფორმატში, მათ შორის საჯაროდაც, ძალიან სიღრმისეულად ვმსჯელობთ იმ შესაძლებლობებზე, რომლებსაც სახელმწიფო უზრუნველყოფს ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისთვის განათლების თითოეულ საფეხურზე, დაწყებული სკოლამდელი განათლებიდან, საშუალო განათლების დონეზე, პროფესიულ თუ უმაღლეს სასწავლებლებში და არაფორმალურ განათლებაში. რა თქმა უნდა, ეს შესაძლებლობები არის სრულიად უფასო და ძალიან მრავალფეროვანი. იმ მიზნით, რომ საზოგადოებისთვის განგვემარტა აღნიშულის თაობაზე, სახელმწიფო მინისტრის აპარატმა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, აწარმოა ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია: „ქართული ენა გვაერთიანებს - ისწავლე ქართული" სწორედ იმისთვის, რომ თითოეულ ადამიანს სიღრმისეულად ჰქონოდა ინფორმაცია იმ შესაძლებლობების თაობაზე, რომელთაც ჩვენ ვთავაზობთ ჩვენი ქვეყნის არაქართულენოვან თანამოქალაქეებს. „1+4 პროგრამა" ჩვენს სომხურენოვან და აზერბაიჯანულენოვან თანამოქალაქეებს აძლევს უმაღლეს სასწავლებელში განათლების მიღების მიზნით, ქართული ენის შესწავლის ერთწლიან უფასო პროგრამაში ჩარიცხვის შესაძლებლობას. სწორედ ამიტომ, ეს პროგრამა ძალიან პოპულარული გახდა, მის მიმართ ინტერესი მზარდია, რაც სასიხარულოა. ჩვენ ვიცით არსებული გამოწვევების თაობაზეც, მაგალითად ის, რომ გაზრდილი ინტერესის და საჭიროებიდან გამომდინარე მიჩნეულია, რომ მოთხოვნა არის მზარდი და უფრო დიდი. სწორედ ამიტომ, მე ხაზი გავუსვი, რომ განათლების სამინისტროსთან ერთად, ერთიანი მიდგომით, ვამუშავებთ იმ პრინციპებს, თუ როგორ შეიძლება მოხდეს ამ პროგრამის საუკეთესო ადაპტაცია, არსებულ საჭიროებებთან მაქსიმალურად მორგების მიზნით. დაწყებულია კომპლექსური კვლევა, რომლის დასრულებისთანავე, კვლევის შედეგების გათვალისწინებით, პროგრამა იქნება ადაპტირებული ჩვენი არაქართულენოვანი ახალგაზრდების სასარგებლოდ იმისთვის, რომ თითოეულ მათგანს მიეცეს ის შესაძლებლობა, რომელსაც ის ელოდება. მანამდე კი, თუ ვინმეს არ აქვს ამ პროგრამაში ჩარიცხვის შესაძლებლობა, არსებობს არაერთი ალტერნატიული, უფასო შესაძლებლობა, იმისათვის რომ ახალგაზრდებმა შეისწავლონ ქართული ენა," - განაცხადა თეა ახვლედიანმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში