ძლიერმა ქარმა და წყალდიდობამ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში პრობლემები შექმნა

06 თებერვალი 2024, 11:29 472 ნახვა

ძლიერმა ქარმა და წყალდიდობამ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში პრობლემები შექმნა.

გავრცელებული ინფორმაციით, ქარმა სახურავი გადახადა საცხოვრებელ სახლებს მარტვილში, ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში. ასევე დაზიანდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის საჯარო სკოლის სახურავი, რის გამოც სასწავლო პროცესი შეწყვეტილია.

ძლიერმა ქარმა წალენჯიხაში ხეები მოგლიჯა. გზის სავალი ნაწილების გაწმენდა ღამითვე მოხდა. ელექტროენერგია არ მიეწოდება სოფლების ნაწილს, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

წყალდიდობაა ანაკლიაში. მდინარე ენგური კალაპოტიდან გადმოვიდა და სანაპიროსთან მცხოვრები ოჯახების საკარმიდამო ნაკვეთები დაიტბორა.

ღამით მოხდა ზვავის შედეგად ჩარჩენილი 19 მოქალაქის ტერიტორიიდან გამოყვანა. ჯვარი-მესტიის მიმართულებით ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი გუგჩიძის განცხადებით,  ძლიერი ქარისა და წყალდიდობისგან რეგიონისთვის მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისიები შეისწავლიან.

მისივე თქმით, ყველა მუნიციპალური სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს და როგორც კი ამინდი გამოვა, მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში მოხდება აღდგენითი სამუშაოების ჩატარება.

 

 

 

ფოტო: არქივი

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში