საქართველოში დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივი ინფლაციის კლებადი ტენდენცია, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

07 თებერვალი 2024, 12:07 384 ნახვა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ანგარიშში სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარება მიმოიხილა.

ცენტრალური ბანკის ინფორმაციით, დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ლარის საშუალო გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 2.7061-დან 2.6861-მდე, 0.7%-ით გამყარდა, ხოლო ევროს მიმართ 2.9190-დან 2.9331-მდე, 0.5%-ით გაუფასურდა. თვის ბოლოს კი ლარის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა აშშ დოლარისა და ევროს მიმართ 2.6894 და 2.9753 შეადგინა.

„დეკემბერში, საშუალო კურსთან შედარებით, გაცვლითი კურსის მინიმალური და მაქსიმალური მნიშვნელობები დაახლოებით თანაბრად იყო გადახრილი. დეკემბერში, საშუალოდ, დოლართან მიმართებით შესამჩნევია ევროსა და ლარის გამყარება, გაუფასურებას განაგრძობს თურქული ლირა, სომხური დრამი და რუსული რუბლი, ხოლო აზერბაიჯანული მანათი პრაქტიკულად უცვლელი დარჩა.

 

ლარის ნომინალური და რეალური ეფექტური გაცვლითი კურსები წლიურად გამყარებას განაგრძობს. დეკემბერში წლიურად, ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი 2.1%-ით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 14.8%-ით გამყარდა. რაც შეეხება თვიურ ტენდენციას, წინა თვესთან შედარებით, დეკემბერში ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი პრაქტიკულად არ შეცვლილა, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი კი 0.8%-ით გამყარდა.

 

ეფექტური კურსის გამყარება ქვეყნის კონკურენტუნარიანობაზე უარყოფითად აისახება, თუმცა იმპორტირებულ ინფლაციას ამცირებს. სავაჭრო პარტნიორთაგან დეკემბერში წლიური ინფლაცია თურქეთში, რუსეთში, ბელარუსში, უკრაინაში, აშშში, ევროზონასა და აზერბაიჯანში საქართველოზე მაღალი იყო, ხოლო სომხეთში – დაბალი. ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან ნაწილში ინფლაციის კლების ტენდენცია შეინიშნება, თუმცა მთლიანობაში ფასების დონე ჯერ ისევ მაღალ დონეზე ნარჩუნდება“, – აღნიშნულია სებ-ის ანგარიშში.

ამასთან, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარში წლიურმა ინფლაციამ 0.0% შეადგინა, ხოლო დეკემბერთან შედარებით ფასები 0.3%-ით გაიზარდა.

მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივი ინფლაციის კლებადი ტენდენცია განაპირობებს, რაც მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შედეგია. ამავდროულად, მსოფლიოში სურსათის ფასების კლების ტენდენცია მეტწილად გრძელდება.

ამასთან, სებ-ის ცნობით, ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი მყარ პოზიციას ინარჩუნებს. ეს კი საგარეო შოკების ეტაპობრივ მილევასთან ერთად იმპორტირებული ინფლაციის დაბალ დონეზე შენარჩუნებას ხელს უწყობს.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში