ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად, ვალერი ზალუჟნის ნაცვლად ალექსანდრ სირსკი დანიშნა

08 თებერვალი 2024, 20:59 539 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად, ვალერი ზალუჟნის ნაცვლად ალექსანდრ სირსკი დანიშნა. ამის შესახებ ზელენსკიმ ტელეგრამ-არხში გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა.

ალექსანდრ სირსკი უკრაინის სახმელეთო ძალების მეთაური იყო.

მანამდე ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს, ვალერი ზალუჟნის შეხვდა და განაცხადა, რომ "ახლა განახლების დროა" და ზალუჟნის მადლობა გადაუხადა უკრაინის ორი წლის განმავლობაში დაცვისთვის.

„გენერალ ზალუჟნის მადლობელი ვარ თავდაცვის ორი წლისთვის. მადლობელი ვარ თითოეული გამარჯვებისთვის, რომელსაც ერთად მივაღწიეთ ყველა უკრაინელი მეომრის წყალობით, რომლებიც გმირულად აწარმოებენ ამ ომს. გულღიად ვილაპარაკეთ დღეს იმაზე, თუ რა საჭიროებს ცვლილებებს არმიაში. სასწრაფო ცვლილებები. შევთავაზე გენერალ ზალუჟნის დარჩეს გუნდში. მადლობელი ვიქნები მისი თანხმობისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დღეიდან უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობა ახალ გუნდს გადაეცემა.

„მინდა, რომ ომის ხედვა იყოს ერთიანი რობოტინოსა და ავდეევკაში ჩვენს სამხედროებს შორის, ასევე გენერალურ შტაბში და სამხედრო მეთაურებში. მე ათობით საუბარი გავმართე სხვადასხვა დონის მეთაურებთან. კერძოდ, დღეს ვესაუბრე გენერლებს ანდრეი გნატოვს, მიხაილ დრაპატის, იგორ სკიბიუკს, ასევე პოლკოვნიკებს პაველ პალისას და ვადიმ სუხარევსკის. ყველა მათგანი განიხილება არმიაში ხელმძღვანელ თანამდებობებზე და იმსახურებენ ყველაზე გამოცდილი უკრაინელი მეთაურის ხელმძღვანელობას. მას აქვს თავდაცვის წარმატებული გამოცდილება, ჩაატარა კიევის თავდაცვითი ოპერაცია. მას ასევე აქვს შეტევის წარმატებული გამოცდილება ხარკოვის განმათავისუფლებელ ოპერაციაში. მე გენერალ-პოლკოვნიკი სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად დავნიშნე“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში