საქართველოს მთავრობა ყველასთვის უნდა იყოს მაგალითის მიმცემი გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით - პრემიერი

12 თებერვალი 2024, 11:26 427 ნახვა

საქართველოს მთავრობა ყველასთვის უნდა იყოს მაგალითის მიმცემი გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობის საქმიანობა მყარ პრინციპებს უნდა ეფუძნებოდეს.

„იმისთვის, რომ მაქსიმალურ შედეგებს მივაღწიოთ, ჩვენი მთავრობის საქმიანობა ძალიან მყარ პრინციპებს უნდა ეფუძნებოდეს. მიმაჩნია, რომ საქართველოს მთავრობა უნდა იყოს მაგალითის მიმცემი ყველასთვის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით. ჩვენი თითოეული გადაწყვეტილება უნდა იყოს მაქსიმალურად ღია მოქალაქეებისთვის და იმავეს მოვითხოვთ ყველა სხვა სახელმწიფო უწყებისგან. ასევე, მუდმივად უნდა ვიზრუნოთ ჩვენ მიერ შესრულებული სამუშაოების ხარისხის გაუმჯობესებაზე. ხარვეზების მინიმუმამდე დასაყვანად უნდა გავაძლიეროთ ხარისხის კონტროლისა და ზედამხედველობის ყველა შესაბამისი მექანიზმი. იგივე ეხება საზოგადოებრივი მომსახურების ხარისხს.

აქაც მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ მოქალაქეების პრეტენზიები სერვისების ხარისხთან დაკავშირებით. ზოგადად, ყველა თემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები უნდა იყოს მიღებული საზოგადოებასთან, სპეციალისტებთან, დარგების წარმომდგენლებთან ფართო კონსულტაციების საფუძველზე. ყოველთვის, როცა ვიღებთ გარკვეულ გადაწყვეტილებას, საზოგადოებას მაქსიმალურად ფართოდ უნდა განვუმარტოთ ამ გადაწყვეტილების შინაარსი, მიზეზები. ეს უნდა იყოს ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი სახელმძღვანელო პრინციპი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე განცხადებით, ერთ-ერთი აქტუალურია რესპუბლიკური საავადმყოფოს საკითხი და ამ შემთხვევაშიც საჭიროა შესაბამის დარგის სპეციალისტებთან, ექიმებთან, საავადმყოფოს კოლექტივთან კონსულტაციები, იმისთვის, რომ სათანადო გადაწყვეტილებები იქნას მიღებული.

"გადაწყვეტილებები ყველა თემასთან დაკავშირებით მიღებული უნდა იყოს საზოგადოებასთან, სპეციალისტებთან, დარგის წარმომადგენლებთან ძალიან ფართო კონსულტაციების საფუძველზე“, - აღნიშნა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში