სასამართლომ ლეღვაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე გიორგი ბაჟუნაიშვილს ხუთი, დავით ბაჟუნაიშვილს სამწლიანი პატიმრობა შეუფარდა, გელა ბაჟუნაიშვილი კი უდანაშაულოდ ცნო

12 თებერვალი 2024, 18:08 1508 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ლეღვაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე გიორგი ბაჟუნაიშვილს 5  წლით თავისუფლების აღკვეთა, დავით ბაჟუნაიშვილს 3 წლიანი პატიმრობა შეუფარდა, გელა ბაჟუნაიშვილი კი უდანაშაულოდ ცნო.

განაჩენი მოსამართლე კოტე ჭილაიამ, გიორგი ალხანიშვილის მკვლელობის გამოყოფილი საქმის, მოწმე თვითმხილველებზე ზეწოლისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ეპიზოდზე, 9 თვიანი განხილვების შემდეგ გამოაცხადა.

მოსამართლემ გიორგი ბაჟუნაიშვილთან მიმართებაში პირობითი მსჯავრით გათვალისწინებულ სასჯელს დაუმატა ახლად წარდგენილი ბრალი და მთლიანობაში მას 5 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მოსამართლემ განმარტა, რომ გელა ბაჟუნაიშვილს (მამა იობი) შეეძლო აღსარების საიდუმლო არ გაეთქვა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, გელა ბაჟუნაიშვილს (მამა იობი) გირაოს თანხა 15 000 ლარი უკან დაუბრუნდება.

ბრალდების მხარე გამამართლებელ განაჩენს სააპელაციო წესით გაასაჩივრებს, დაცვის მხარე კი გასაჩივრებას განაჩენის ჩაბარების შემდეგ გეგმავს.

განაჩენის გამოცხადებამდე  საბოლოო სიტყვა თქვეს გელა და დავით ბაჟუნაიშვილებმა. მათ მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვეს.

საბოლოო სიტყვით ისარგებლა გიორგი ალხანიშვილის დედამაც.

"ძალიან ბევრი რამ მინდა ვთქვა, შვილი მომიკლეს, ტყუილში გამატარებინეს დღეები. მომატყუეს!შვილს ვეძებდი, ბიჭებიც მატყუებდნენ, მკვლელის მამაც მატყუებდა. ძალიან გთხოვთ აღასრულოთ სამართალი ისე, როგორც გეკადრებათ. იმიტომ, რომ სხვისი შვილებიც არ დაზარალდნენ. არ გავჩერდები. მამამ გაზარდა ისეთი შვილი როგორიც არის დღეს.

 

მამამისს მანამდე პირობითი სასჯელი ჰქონდა, ცივი იარაღის ტარებაზე... დამიჩეხა შვილი, დამიმარხა, სახეც ვერ ვნახე...", - განაცხადა გიორგი ალხანიშვილის დედამ.

გელა (მამა იობი), დავითი და გიორგი ბაჟუნაიშვილები წარდგენილ ბრალში თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ.

გიორგი ბაჟუნაიშვილს, რომელიც განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის, ალექსანდრე ბაჟუნაიშვილის მამაა, გამოძიება მოწმე თვითმხილველებზე ზეწოლას, ხოლო ორ ბიძას გელა (მამა იობი)  და დავით ბაჟუნაიშვილებს,  განსაკუთრებით მძიმე  კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა.

სასულიერო პირი გირაოს სანაცვლოდ არის გათავისულებული.

21 წლის  გიორგი ალხანიშვილის მვკლელობის საქმეზე ბრალი 7 პირს აქვს წარდგენილი.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში