2024 წლის საპარლამენტო არჩევნები მაღალი სტანდარტების შესაბამისად ჩატარდება - გიორგი კალანდარიშვილი

14 თებერვალი 2024, 17:41 497 ნახვა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები მაღალი სტანდარტების შესაბამისად ჩატარდება და ამის თქმის საშუალებას იძლევა წლების განმავლობაში საპილოტე პროექტების განხორციელების შედეგად მიღებული მნიშვნელოვანი გამოცდილება.

მისივე თქმით, ამომრჩეველთა ინფორმირებულობის, შესაძლებლობების განვითარებისა და ინსტიტუციური გაძლიერების კუთხით არჩევნებამდე კიდევ გადაიდგმება ნაბიჯები.

„2018 წლიდან განხორციელებულმა რვა საპილოტე პროექტმა გვაჩვენა, რომ პროცესები, რომლებიც უკავშირდება ტექნოლოგიურ ინტერვენციას, მნიშვნელოვნად განვითარდა და დაიხვეწა. ეს გვაძლევს შესაძლებლობას, ვათქვათ, რომ დავაგროვეთ მნიშვნელოვანი, სოლიდური გამოცდილება, რათა 2024 წლის 26 ოქტომბერს მაღალპროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი არჩევნები ჩავატაროთ. წინ არის მთელი რიგი სამზადისი, რომელიც უკავშირდება ამომრჩეველთა ინფორმირებულობას, ცნობიერების ამაღლებას, შესაძლებლობების განვითარებას, ინსტიტუციურ გაძლიერებასა და ჩართულ მხარეებთან მჭიდრო კომუნიკაციას. მოსამზადებელი პერიოდი და მნიშვნელოვანი გამოცდილება გვაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები მაღალი სტანდარტების შესაბამისად ჩატარდება“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

კალანდარიშვილის თქმით, ცესკო მზადყოფნას გამოთქვამს, სადამკვირვებლო მისიები უზრუნველყოს ნებისმიერი საჭირო ინფორმაციით.

„ჩვენ არაერთხელ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთანაც დაგვიფიქსირებია საარჩევნო ადმინისტრაციის სრული მზაობა და მიმღებლობა მათ ჩამოსვლასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია ის, რომ თანამშრომლობის ნებისმიერ ეტაპზე საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს ყველანაირი კონსტრუქციული თანამშრომლობის ფარგლებში სადამკვირვებლო მისიების ობიექტური და გადამოწმებული ინფორმაციით უზრუნველყოფას, ისევე როგორც ნებისმიერ ფორმატში თანამშრომლობის მჭიდრო კავშირების უზრუნველყოფას. დემოკრატიული არჩევნების ჩატარების ერთ-ერთი და, ზოგადად, არჩევნების მთლიანობის ერთ-ერთი კარგი ინდიკატორი არის ასეთი მექანიზმების გამოყენება, რომელსაც, თავის მხრივ, რიგ საკითხებთან დაკავშირებით გარკვეული პრევენციული მექანიზმი გააჩნია, ხოლო რიგ საკითხებთან დაკავშირებით კი უზრუნველყოფს საზოგადოების მაღალ ნდობას არჩევნების პროცესთან მიმართებაში და, რა თქმა უნდა, დემოკრატიული ინსტიტუციების გაძლიერებას“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში