გამოკითხვის თანახმად, ვალერი ზალუჟნის თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ ნდობის მაჩვენებელი 60%-მდე შემცირდა - უკრაინული მედია

15 თებერვალი 2024, 19:55 406 ნახვა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ ნდობა 60%-მდე შემცირდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვალერი ზალუჟნის ალექსანდრ სირსკით შეცვლის შესახებ ზელენსკიმ 8 თებერვალს განაცხადა.

„გამოკითხვის ჩატარება ზალუჟნის გადაყენების პერიოდს დაემთხვა. 5-8 თებერვლის პერიოდში (გადაყენებამდე) ჩატარდა 874 ინტერვიუ, შემდეგ 9-10 თებერვლის პერიოდში ჩატარდა 328 ინტერვიუ. ზალუჟნის გადადგომისთანავე ნდობა შემცირდა ხუთი პუნქტით 60 პროცენტამდე. ამგვარად, მთლიანობაში 5-10 თებერვლის პერიოდში 64% ენდობა ზელენსკის, თუმცა ამ პერიოდის ბოლოში მაჩვენებელი 60%-ს შეადგენს“, – აღნიშნულია კვლევაში.

2022 წლის თებერვალში, რუსეთის ინტერვენციამდე პრეზიდენტის ნდობის რეიტინგი 37% იყო. ინტერვენციის შემდეგ ნდობა მკვეთრად გაიზარდა და 2022 წლის მაისის მდგომარეობით 90% შეადგინა. 2022 წლის მაისიდან 2023 წლის დეკემბრამდე ზელენსკისადმი ნდობა 13%-ით შემცირდა და 77% შეადგინა. მომდევნო ორ თვეში, თებერვლის დასაწყისამდე მისი რეიტინგი კიდევ 12 პროცენტით შემცირდა – 65%-მდე.

ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხული უკრაინელების 40% მთავარსარდალ ალექსანდრ სირსკის უჭერს მხარს, 94% პროცენტი კი – ყოფილ მთავარსარდალს, ვალერი ზალუჟნის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში