ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტობის პერიოდში, უნგრეთი მიმართავს ძალისხმევას საქართველოსთან წევრობის მოლაპარაკებების დაწყებისთვის - პიტერ სიიარტო 

16 თებერვალი 2024, 21:08 502 ნახვა

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტობის პერიოდში, უნგრეთი მიმართავს ძალისხმევას საქართველოსთან წევრობის მოლაპარაკებების დაწყებისთვის, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირის გასაძლიერებლად ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტია ევროკავშირის გაფართოება.

„მინისტრის ვიზიტის ერთ-ერთი მიზანია, მოვემზადოთ იმ ექვსი თვისთვის, როცა უნგრეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე გახდება. იმ დროს, როცა ევროკავშირი არ არის საუკეთესო მდგომარეობაში, ჩვენი ფუნქციაა, ის გავაძლიეროთ და ამის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ინსტრუმენტი ევროკავშირის გაფართოებაა“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ევროკავშირში გავეწევრიანება ორივე მხარისთვის დიდი სარგებლის მომტანი იქნება. მისივე თქმით, უნგრეთი იყო ერთ-ერთი მოწინავე მხარდამჭერი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე და აღნიშნა, რომ საქართველომ ეს სტატუსი დამსახურებულად მიიღო.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ისაუბრა ენერგეტიკული უსაფრთხოების შესახებ. სიიარტოს განცხადებით, ამ კონტექსტში საქართველოს მნიშვნელოვანი როლი და ფუნქცია ენიჭება.

„ცხადია, ევროპის კონტინენტი მარტო ვერ უზრუნველყოფს საკუთარ ენერგეტიკულ მარაგს და მოითხოვს გარე რესურსებს. კავკასიის რეგიონი განახლებადი ენერგიის წყაროების სიუხვით ევროპას სთავაზობს ეკოლოგიურად სუფთა, განახლებად ენერგიას. ორშაბათს ამოქმედდება ოთხმხრივი შეთანხმება საქართველოს, აზერბაიჯანს, უნგრეთსა და რუმინეთს შორის. ეს შეთანხმება ითვალისწინებს განახლებადი ენერგიის, განსაკუთრებით ქარის ენერგიის იმპორტს ევროპაში საქართველოსა და აზერბაიჯანიდან, რუმინეთისა და ბულგარეთის გავლით. ეს ისტორიული ერთობლივი ინვესტიციაა“, – აღნიშნა პიტერ სიიარტომ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში