ჩინეთში საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ მიმოსვლას შეძლებენ

26 თებერვალი 2024, 11:05 479 ნახვა

ჩინეთის რესპუბლიკაში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა დაწესდა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, ჩინეთში უვიზოდ 30 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ.

"ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების თაობაზე. საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ, ჩინეთში უვიზოდ დაჰყონ 30 დღე ზედიზედ. ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენს თანამოქალაქეებს გაუმარტივებს ჩინეთში მოგზაურობას და შექმნის ახალ შესაძლებლობებს საქართველოსა და ჩინეთს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირების კიდევ უფრო მეტი განვითარების თვალსაზრისით.

ეს გადაწყვეტილება არის საქართველოს და ჩინეთს შორის შარშან ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების მორიგი უმნიშვნელოვანესი პრაქტიკული შედეგი. მინდა მივულოცო ჩვენს თანამოქალაქეებს და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ჩინელ მეგობრებს, ჩინეთის ხელისუფლებას, ამ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებისთვის,"-განაცხადა პრემიერმა.

ვიცე-პრემიერის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, გადაწყვეტილება ჩინეთთან უვიზო მიმოსვლის შესახებ მალე შევა ძალაში, ახლა მიდის ტექნიკური სამუშაოები. რაც შეეხება უვიზო რეჟიმის ხანგრძლივობას, ეს არის 30 დღე უწყვეტად ერთი შესვლის განმავლობაში.

მისი შეფასებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან, რომელიც ასევე ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში