დღეიდან ვიწყებთ განათლების ეროვნული მიზნების განახლებული პროექტის განხილვას ფართო საზოგადოებაში - ამილახვარი

26 თებერვალი 2024, 14:11 474 ნახვა

დღეიდან ვიწყებთ განათლების ეროვნული მიზნების განახლებული პროექტის განხილვას ფართო საზოგადოებაში, ვინაიდან ეს ის დოკუმენტია, რომელიც ფართო შეთანხმებით უნდა იყოს მიღებული და შემდგომ საბოლოოდ გადაეგზავნება პარლამენტს დასამტკიცებლად, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„დღეს პრემიერ-მინისტრმა მთავრობაზე გამოიტანა განათლების ეროვნული მიზნების განახლებული პროექტი. ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში ფართო ექსპერტული ჩართულობით დავიწყეთ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების განახლებულ პროექტზე მუშაობა.

 

საზოგადოებას მინდა მოვახსენო, რომ 2004 წლის შემდგომ, როდესაც ეს დოკუმენტი პირველად მიიღეს, დოკუმენტი არ განახლებულა და ბუნებრივია, 20-წლიანი პაუზის შემდგომ, აუცილებელიც იყო მისი გადახედვა. ეს არის დოკუმენტი, რომელიც პრაქტიკულად, არის ზოგადი განათლების კონსტიტუცია და განსაზღვრავს იმ ძირითად პრინციპებსა და პოსტულატებს, თუ როგორი მოქალაქის და ადამიანის აღზრდა გვინდა საქართველოში, მათ შორის ზოგადი განათლების ჭრილში. ადგენს იმ ძირითად პრინციპებს, რომელსაც სრულად სასკოლო ზოგადი განათლება უნდა დაეფუძნოს. შესაბამისად, დღეიდან ვიწყებთ აღნიშნული პროექტის განხილვას ფართო საზოგადოებაში, ვინაიდან ეს ის დოკუმენტია, რომელიც ფართო შეთანხმებით უნდა იყოს მიღებული და შემდგომ საბოლოოდ გადაეგზავნება პარლამენტს დასამტკიცებლად. მთავარი პრინციპები, რომელსაც ეს დოკუმენტი ეფუძნება, გახლავთ ეროვნული იდენტობის შენარჩუნება, ოჯახის, საზოგადოების და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობის გაცნობიერება, სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და კულტურის პატივისცემა და ცოდნა, სახელმწიფოებრივი აზროვნება და პატრიოტიზმი, ეთნიკური და კულტურული მრავალფეროვნების პატივისცემა, მაღალი სამოქალაქო ცნობიერება, ტოლერანტობა და სამართლიანობა, თანამედროვე სამყაროში დამოუკიდებლად ცხოვრება და გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღება“, - განაცხადა ამილახვარმა.

ამილახვრის თქმით, ყველა სახელმძღვანელო იქნება მორგებული აღნიშნულ დოკუმენტზე.

„ამ დოკუმენტის დამტკიცებისთანავე, ყველა სასკოლო საგნის სტანდარტი, რომელიც გულისხმობს ძირითად მიზნებს და შედეგებს, თუ რა მიზნებზე უნდა გადიოდეს თითოეული საგანი თითოეულ კლასში, იქნება გაწერილი და განსაზღვრული. ეს არ გულისხმობს რაიმე ახალი საგნების დამატებას ან არსებულის გაუქმებას, თუმცა გულისხმობს ყველა სასკოლო საგნის მორგებას ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებზე. თავის მხრივ, დაიწყება სახელმძღვანელოების სრულად განახლების ან მორგების პროცესი“, - განაცხადა ამილახვარმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში