სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის მარეგულირებელი წესები მიიღო

27 თებერვალი 2024, 11:42 422 ნახვა

ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების რეგულირების კუთხით არსებული ევროპული გამოცდილების, კერძოდ, საფრანგეთის წარმატებული პრაქტიკის შესწავლის შედეგად, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ „ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის მწარმოებლის იდენტიფიკაციის“, „ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის აღრიცხვის და ექსპლუატაციის“ და „ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პილოტის მოწმობის გაცემის“ წესები დაამტკიცა, - ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ნორმატიული აქტების მიღებამდე, ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების ექსპლუატაცია ნაწილობრივ არაპროპორციული რეგულირების, კერძოდ კი, დიდი ზომის საჰაერო ხომალდების (Boeing, Airbus და სხვ.) მიმართ დადგენილი სტანდარტების ქვეშ ექცეოდა. ახალი რეგულაციების მიღებით, საქართველოში ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების წარმოება, აღრიცხვა, ექსპლუატაცია და საჰაერო ხომალდის პილოტის მოწმობის მოპოვება გაცილებით მარტივი პირობებით იქნება შესაძლებელი, რაც ხელს შეუწყობს სამოქალაქო ავიაციის აღნიშნული მიმართულების განვითარებას.

"ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის მწარმოებლის იდენტიფიკაციის წესი ადგენს აღნიშნული ხომალდების მწარმოებლის იდენტიფიკაციის მოთხოვნებს და მწარმოებლის მიერ შემუშავებული და დამზადებული საფრენი აპარატის მოქმედ ტექნიკურ პირობებთან შესაბამისობის დემონსტრირების (დეკლარირება) ნორმებს. ახალი წესის საფუძველზე, პირველი თებერვლიდან, ზსხ–ს დადგენილ სტანდარტთან (მოქმედ ტექნიკურ პირობებთან) შესაბამისობის დადასტურება შესაძლებელი ხდება მწარმოებლის მიერ დეკლარირების საფუძველზე, რაც ზსხ–ს აღრიცხვით დაინტერესებული პირებისთვის ამარტივებს ამ პროცესისათვის საჭირო დოკუმენტების მიღებას.

ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის აღრიცხვის და ექსპლუატაციის წესი ადგენს მოთხოვნებს ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების მიმართ და განსაზღვრავს მათი იდენტიფიცირების, აღრიცხვის, მოდიფიკაციის და ექსპლუატაციის წესებსა და პირობებს. წესის მიღებით, პირველი თებერვლიდან, გამარტივდა ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის რეგისტრაციისა და საფრენად ვარგისობის უზრუნველყოფის პროცესი.

ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პილოტის მოწმობის გაცემის წესი ადგენს ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პილოტის და ინსტრუქტორის მომზადების პროგრამებს, მათი ცოდნის შეფასების პირობებს, პილოტის მოწმობის გაცემის და კვალიფიკაციის მინიჭების, კვალიფიკაციის მოქმედების ვადის გაგრძელების/განახლების მოთხოვნებს. წესის მიღებით, გამარტივებული მოთხოვნები დადგინდა ზსხ–ს პილოტის მოწმობის მისაღებად და მის შესანარჩუნებლად. კერძოდ, პირველი თებერვლიდან, ზსხ–ს პილოტის ინსტრუქტორებს მიეცათ შესაძლებლობა დამოუკიდებლად განახორციელონ ზსხ–ს პილოტის მოწმობის მაძიებელი პირების მომზადება"- აცხადებენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში