სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა არასათანადო მოპყრობაში სამართალდამცველი ამხილა

29 თებერვალი 2024, 12:04 422 ნახვა

სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივი ამხილა -  ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ზუგდიდის რაიონში მცხოვრებ დაზარალებულ დ.თ.-ს, თავისი შვილის საზღვარგარეთ გაყვანასთან დაკავშირებით კონფლიქტი ყოფილ მეუღლესთან ჰქონდა.

"აღნიშნული კონფლიქტის მოსაგვარებლად, დაზარალებულის ყოფილი მეუღლის ინტერესების დაცვა, მისმა ოჯახის ახლობელმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივმა გადაწყვიტა, რომელმაც თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა. 2024 წლის 13 თებერვალს, სამართალდამცავმა, პოლიციის უნიფორმით და ცეცხლსასროლი იარაღით დაზარალებულს სახლში მიაკითხა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და თუ ის ბავშვის საზღვარგარეთ გასაყვანად უვადო მინდობილობას არ გასცემდა, იარაღისა ან/და ნარკოტიკის ჩადებით დაემუქრა.

დაზარალებულმა აღნიშნული დანაშაულის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ზუგდიდის ოფისში განაცხადა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ამ ეტაპისთვის საქმეზე ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება მოკლე დროში ჩაატარა. დადგენილი იქნა დამნაშავე სამართალდამცავის ვინაობა და მოპოვებული იქნა დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებები.

პოლიციის დეტექტივს ბრალდება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის წარედგინა და გადაყენებულია დაკავებული თანამდებობიდან. დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე გამოძიებას აგრძელებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში